„TI საქართველო“: 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება მნიშვნელოვნად გაიზარდა
რუსეთზე საქართველოს ეკონომიკის დამოკიდებულების შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველოს“ მიერ 8 ნოემბერს გამოქვეყნებულ ანგარიშში ნათქვამია, რომ 2022 წელს საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება „მნიშვნელოვნად გაიზარდა“, თუმცა მას იმ დონისთვის არ მიუღწევია, რომ რუსეთთან ეკონომიკური ურთიერთობების სრულად შეწყვეტის პირობებშიც, „საქართველო ღრმა კრიზისში აღმოჩნდეს და განვითარება ვერ შეძლოს“.
- 03/08/2022 – „TI საქართველო“: გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება
- 02/03/2022 – „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, 2021 წელს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება გაიზარდა
კვლევის თანახმად, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში, საქართველომ რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმითა და საქონლის ექსპორტით დაახლოებით 2.2 მლრდ აშშ დოლარის შემოსავალი მიიღო, რაც გასული წლის ამავე პერიოდში რუსეთიდან იმავე წყაროებით მიღებულ შემოსავალს 2.6-ჯერ აღემატება და 2019 წლის იანვარ-სექტემბერში მიღებულ შემოსავალზეც კი 64%-ით მეტია.
დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთიდან ფულადი გზავნილებით, ტურიზმით და საქონლის ექსპორტით მიღებული შემოსავალი საქართველოს ეკონომიკის მიმართ 12.6% იყო. 2021 წლის იმავე პერიოდში ეს მაჩვენებელი 6.3%-ს შეადგენდა, ყველაზე მაქსიმუმს კი – 10.4%-ს – 2019 წელს აღწევდა.
„ეს ნიშნავს, რომ გასულ წლებთან შედარებით საქართველოს რუსეთზე ეკონომიკური დამოკიდებულება იზრდება. ეს ზრდა ძირითადად ფულადი გზავნილების ნახტომისებურად მატებითაა განპირობებული“.
საქართველოში რეგისტრირებული რუსული კომპანიები
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ განცხადებით, საქართველოში სულ 17 000-მდე რუსული კომპანიაა რეგისტრირებული და მათი ნახევარზე მეტი უკრაინაში რუსეთის მიერ სრულმასშტაბიანი ომის დაწყების შემდეგ დარეგისტრირდა.
მაგალითად, 2022 წლის მარტი-სექტემბერში საქართველოში 9 500-მდე კომპანია დარეგისტრირდა, რაც 2021 წლის სრულ მაჩვენებელზეც კი – 10-ჯერ მეტია. ორგანიზაციის განმარტებით, ამ კომპანიების 97% ინდივიდუალური საწარმოა.
„ეს იმას მიანიშნებს, რომ რუსეთის მოქალაქეების ნაწილი საქართველოში ხანგრძლივად საცხოვრებლად და ბიზნესის საკეთებლად გადმოვიდა“, – აცხადებენ „საერთაშორისო გამჭვირვალობაში“.
ექსპორტი რუსეთში
კვლევის თანახმად, მიმდინარე წლის პირველ 9 თვეში რუსეთში საქართველოს ექსპორტი 11%-ით გაიზარდა და 473 მლნ აშშ დოლარი გახდა, მარტი-სექტემბერში კი – რუსეთში ექსპორტმა 6.3%-ით მოიმატა, რაც „ძირითადად მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტის 4.4-ჯერ ზრდამ განაპირობა“.
„ტრადიციულად, რუსულ ბაზარზე მაღალი დამოკიდებულებით ქართული ღვინის ექსპორტი გამოირჩევა. 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსეთში ექსპორტირებული 109 მლნ აშშ დოლარის ღვინო საქართველოს ჯამური ღვინის ექსპორტის 63% იყო“.
რუსეთიდან იმპორტი
რაც შეეხება რუსეთიდან იმპორტს, „საერთაშორისო გამჭვირვალობის“ ცნობით, ის 2022 წლის იანვარ-სექტემბერში 73%-ით – 1.2 მლრდ აშშ დოლარამდე გაიზარდა. „რუსეთიდან იმპორტის წილი საქართველოს ჯამური იმპორტში 13.1% იყო, რაც ბოლო 16 წლის მაქსიმუმია“.
კვლევის თანახმად, უკრაინაში ომის დაწყებიდან ყველაზე მეტად – 350%-ით (329 მლნ აშშ დოლარი) ნავთობპროდუქტების (საწვავის) იმპორტი გაიზარდა და რუსული საწვავის წილმა იმპორტში 44% შეადგინა. ამასთან, 3-ჯერ გაიზარდა ქვანახშირისა და კოქსის იმპორტი და ჯამში 57 მლნ აშშ დოლარი შეადგინა.
3.6-ჯერ გაიზარდა რუსეთიდან ელექტროენერგიის იმპორტი, თუმცა ორგანიზაციის განმარტებით რუსულ ელექტროენერგიას საქართველოს შიდა მოხმარებაში მხოლოდ 3% უჭირავს. საგულისხმოა, რომ 32%-ით შემცირდა რუსეთიდან ბუნებრივი აირის შემოტანა. რუსული გაზის წილი საქართველოს შიდა მოხმარებაში 7%-მდეა.
„საერთაშორისო გამჭვირვალობის“ თქმით, კვლავაც მაღალია რუსულ ხორბალსა და ფქვილზე საქართველოს დამოკიდებულება და 2022 წლის პირველ 9 თვეში რუსული ხორბლის და ხორბლის ფქვილის წილი საქართველოს ხორბლის და ხორბლის ფქვილის მთლიან იმპორტში 96% იყო. „საქართველოში მოხმარებულ ხორბლის ფქვილში 78%-მდე რუსეთზე მოდის“.
ვიზიტორები რუსეთიდან
კვლევის მიხედვით, 2022 წელს „მნიშვნელოვნად დაჩქარდა“ რუსეთიდან ვიზიტორების შემოსვლის ზრდის ტემპიც და იანვარ-სექტემბერში ქვეყანაში 780 000 ვიზიტორი შემოვიდა, თუმცა ეს მონაცემი 2019 წლის იმავე პერიოდის მაჩვენებელს მაინც 35%-ით ჩამორჩება. „თუმცა, ცალკე აღებულ აგვისტო-სექტემბერში, წელს რუსეთიდან 6%-ით მეტი ვიზიტორი შემოვიდა, ვიდრე 2019 წლის აგვისტო-სექტემბერში“.
ამავე კვლევით, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში რუსი ვიზიტორების წილი საქართველოს ვიზიტორების ჯამურ რაოდენობაში 20% იყო, რაც 2021 წლის მაჩვენებელს 2-ჯერ აღემატება.
„ვიზიტორების სტატისტიკა 2011 წლიდან არის ხელმისაწვდომი, საიდანაც ირკვევა, რომ ვიზიტორებში რუსეთის მოქალაქეების წილს 20%-ზე აქამდე არასდროს მიუღწევია“.
ორგანიზაციის შეფასებით, რუსი ვიზიტორების ნაწილი რეალურად ემიგრანტია და საქართველოში ხანგრძლივი ვადით დასახლდა. „ამას მიანიშნებს, როგორც კომპანიების რეგისტრაცია, ისე საქართველო-რუსეთის საზღვრის ორმხრივად კვეთის სტატისტიკა და რუსეთის მოქალაქეების მიერ ქართულ ბანკებში ათიათასობით ანგარიშის გახსნა“.
ფულადი გზავნილები რუსეთიდან და პირდაპირი უცხოური ინვესტიციები
„2022 წლის აპრილ-სექტემბერში რუსეთიდან საქართველოში ფულადი გზავნილები 5-ჯერ გაიზარდა და 1,135 მლნ აშშ დოლარი შეადგინა. ასეთი მაღალი ზრდის მთავარი მიზეზი საქართველოში საცხოვრებლად გადმოსული რუსეთის მოქალაქეებია, რომლებსაც რუსეთიდან უგზავნიან ფულს“, – ვკითხულობთ კვლევაში.
ორგანიზაციის თქმით, 2022 წლის პირველ ნახევარში რუსეთიდან პირდაპირმა უცხოურმა ინვესტიციებმა -12 მლნ აშშ დოლარი შეადგინა, ანუ ქვეყნიდან 12 მლნ დოლარის ინვესტიცია გავიდა.
რეკომენდაციები
საქართველოს ეკონომიკის რუსეთზე დამოკიდებულების შემცირების მიზნით, „საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველო“ მოუწოდებს საქართველოს ხელისუფლებას:
- უფრო აქტიურად და დაჩქარებულად დაიწყოს მუშაობა თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმებების გაფორმებაზე ყველა სტრატეგიულ პარტნიორთან, რომელთანაც ჯერ არ გვაქვს ასეთი შეთანხმება;
- სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდიები (გრანტი, შეღავათიანი კრედიტი და სხვა) არ უნდა გაიცეს ისეთ ბიზნესზე, რომელიც რუსეთზე ეკონომიკურ დამოკიდებულებას ზრდის;
- ამასთან, საქართველოს სანქციების არიდების ქვეყნად გამოყენების პრევენციის მიზნით, ორგანიზაციაში მიიჩნევენ, რომ რუსეთის მოქალაქეების მიერ საქართველოში კომპანიების დაარსება განსხვავებული პრაქტიკით უნდა განხორციელოს.
ასევე წაიკითხეთ:
- 29/09/2022 – კვლევა: ბიზნესის 62% ამბობს, რომ მათ საქმიანობაზე რუსეთ-უკრაინის ომმა უარყოფითი გავლენა მოახდინა
- 02/09/2022 – IDFI: საქართველოს მოქალაქეობის მიმღებთა შორის რუსეთის მოქალაქეები ჭარბობენ
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)