ევროკავშირი ახლოსაა გადაწყვეტილებასთან, არ აღიაროს ოკუპირებულ რეგიონებში გაცემული რუსული პასპორტები
ევროკავშირის საბჭოს თავმჯდომარეობა და ევროპარლამენტი აცხადებენ, რომ არსებობს წინასწარი შეთანხმება, არ მიიღონ შენგენის ზონაში მოგზაურობისთვის საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემული სამოგზაურო დოკუმენტები.
შეთანხმების თანახმად, უკრაინისა და საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე რუსეთის მიერ გაცემულ სამგზავრო დოკუმენტებს შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან ამ ზონის საზღვრის გადასაკვეთად ვეღარ გამოიყენებენ.
ევროკავშირის საბჭოს მიერ გავრცელებული რელიზის თანახმად, „გადაწყვეტილება პასუხია რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე, ასევე ოკუპირებულ რეგიონებში მცხოვრებთათვის რუსეთის მიერ [მისივე] საერთაშორისო პასპორტების გაცემის პრაქტიკაზე“.
„[გადაწყვეტილება] ასევე მოჰყვა 2008 წელს რუსეთის მიერ საქართველოს რეგიონების – აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიებლობის აღიარების შესახებ ცალმხრივ გადაწყვეტილებას“, – ვკითხულობთ ამავე რელიზში.
შეთანხმების ტექსტი მისი მიღების ოფიციალური პროცედურების დაწყებამდე ჯერ საბჭომ და ევროპარლამენტმა უნდა დაამტკიცონ.
მანამდე, 12 ოქტომბერს, ევროკავშირის ელჩებმა მიაღწიეს შეთანხმებას, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ დოკუმენტებს.
ასევე წაიკითხეთ:
- 12/10/2022 – ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ არ აღიარებენ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)