Placeholder canvas
ახალი ამბები

ევროკავშირის ელჩები შეთანხმდნენ, რომ არ აღიარებენ ოკუპირებულ რეგიონებში რუსეთის მიერ გაცემულ პასპორტებს 

ევროკავშირის ელჩებმა 12 ოქტომბერს მიაღწიეს შეთანხმებას, რომ არ აღიარებენ რუსეთის მიერ საქართველოსა და უკრაინის ოკუპირებულ რეგიონებში გაცემულ დოკუმენტებს.

გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის მიერ ოკუპირებულ რეგიონებში ან იქ მცხოვრებ მოქალაქეებზე გაცემული დოკუმენტები, არ იქნება ვალიდური შენგენის ზონაში ვიზის მისაღებად ან საზღვრების გადასაკვეთად.

ევროკავშირის საბჭოს პრესრელიზში ხაზგასმით არის ნათქვამი, რომ ეს გადაწყვეტილება არის პასუხი რუსეთის არაპროვოცირებულ და გაუმართლებელ სამხედრო აგრესიაზე უკრაინის წინააღმდეგ და რუსეთის პრაქტიკაზე, რომელიც ოკუპირებული რეგიონების მცხოვრებთათვის რუსული საერთაშორისო პასპორტების გაცემას გულისხმობს.

„ის ასევე მოჰყვა რუსეთის ცალმხრივ გადაწყვეტილებას 2008 წელს საქართველოს ტერიტორიების, აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარების შესახებ“, – ნათქვამია რელიზში.

მასში ასევე აღნიშნულია, რომ მიუხედავად იმისა, რომ ამ რეგიონებში გაცემული რუსული სამგზავრო დოკუმენტები ევროკავშირის წევრი ქვეყნების მიერ უკვე არაღიარებულია, ან არაღიარების პროცესშია, ეს გადაწყვეტილება მიზნად ისახავს საერთო მიდგომის ჩამოყალიბებას, ასევე გარე საზღვრისა და საერთო სავიზო პოლიტიკის სათანადო ფუნქციონირების უზრუნველყოფას და ევროკავშირის წევრი ქვეყნების უსაფრთხოების დაცვას.

ჩეხეთის რესპუბლიკა, რომელიც საბჭოს ამჟამინდელი თავმჯდომარეა, მზადაა საკითხზე საბოლოო შეთანხმების მიზნით ევროპარლამენტთან დისკუსიები დაიწყოს.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button