ახალი ამბები

სასამართლომ სენაკის საკრებულოს თავმჯდომარის არჩევა უკანონოდ ცნო

„სამოქალაქო საქართველოს“ 18 აგვისტოს სენაკის რაიონულ სასამართლოში დაუდასტურეს, რომ უკანონოდ ცნეს თებერვალში სენაკის მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის პოსტზე ყოფილი პრემიერის, გიორგი გახარიას პარტია საქართველოსთვის წევრის, ირაკლი კაჭარავას არჩევა.

„სენაკის რაიონულმა სასამართლომაც მიიღო უკანონო გადაწყვეტილება“, – თქვა სენაკის საკრებულოში პარტია საქართველოსთვის ერთ-ერთმა, ედიშერ ბაღათურიამ სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ. „სამწუხაროდ კიდევ ერთხელ დადასტურდა ამ გადაწყვეტილებით ის ფაქტი, რომ ჩვენს ქვეყანაში დამოუკიდებელი სასამართლოსგან ჯერ კიდევ შორს ვართ“, – დასძინა მან.

სენაკის საკრებულოს ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრის, ბორის სოსელიას განმარტებით, საკრებულოს პირველი, 17 დეკემბრის სხდომის შემდეგ 9 თებერვლამდე პერიოდში, 9 სხდომა ჩანიშნეს, მათ შორის, 2 ქართული ოცნების მოწვევით, თუმცა მმართველი პარტიის წევრები არცერთ მათგანს დაესწრნენ. შესაბამისად, მისივე თქმით, საკრებულოში შექმნილი კრიზისის მიზეზი ყველასთვის „ცნობილია“.

საპირისპიროს ამბობენ მმართველ პარტიაში. სენაკის საკრებულოს ქართული ოცნების დეპუტატის, საბა ოდიშარიას თქმით, სასამართლომ „ამოსავალ წერტილად“ სწორედ მათი არგუმენტაცია მიიჩნია, რომ „საკრებულოს მიერ მიღებული ნებისმიერი გადაწყვეტილება მხოლოდ უფლებაუნარიანია იმ შემთხვევაში, როდესაც არის კვორუმით გახსნილი სხდომა“.

„თუმცა, ოპოზიციურმა პარტიებმა [საჭირო 17-ის ნაცვლად], საკრებულოს 16 წევრით მიიღეს ის გადაწყვეტილებები, რომლებიც სასამართლომ დღეს ბათილად ცნო“, – დასძინა მან.

„სასამართლოს გადაწყვეტილება არის კანონიერი, დასაბუთებული და არსებულ ფაქტებზე დაყრდნობით“, – განაცხადა მოსარჩელე მხარის წარმომადგენელმა, ნათია ბოკუჩავამ ჟურნალისტებთან საუბრისას.

ამბის წინაისტორია

მმართველ გუნდსა და ოპოზიციას შორის პროცედურული დავის ფონზე, ირაკლი კაჭარავა ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ და პარტიამ საქართველოსთვის 23 თებერვალს აირჩიეს.

მანამდე, თვეების განმავლობაში სენაკის 33-წევრიან საკრებულოში თავმჯდომარის არჩევა იმის გამო ვერ ხერხდებოდა, რომ უმრავლესობა არც ქართულმა ოცნებას ჰქონდა და არც ოპოზიციას. 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების შემდეგ, მმართველმა პარტიამ საკრებულოში 16 მანდატი მოიპოვა, ერთიანმა ნაციონალურმა მოძრაობამ 13, გიორგი გახარიას პარტიამ საქართველოსთვის კი – 4.

თუმცა, სენაკის საკრებულოში ჩიხი მას შემდეგ შეიქმნა, რაც საქართველოსთვის ერთ-ერთმა წევრმა, ილია ახალაიამ დეკემბრის დასაწყისში მანდატზე უარი თქვა. შედეგად ოპოზიციას ჯამში 16 ხმა დარჩა, რაც თავმჯდომარის ასარჩევად საკმარისი არ იყო.

საკრებულოში ვითარება 9 თებერვალს, მას შემდეგ შეიცვალა, რაც ოპოზიციონერმა დეპუტატებმა ახალაიას ადგილმონაცვლის, ნიკოლოზ შამათავას უფლებამოსილება ცნეს. თუმცა, ქართული ოცნების წევრებმა და საკრებულოს აპარატის თანამშრომლებმა განაცხადეს, რომ ამით ოპოზიციამ კანონი დაარღვია და გადაწყვეტილების გაუქმებისთვის სასამართლოს მიმართა.

საგულისხმოა, რომ არასამთავრობო ორგანიზაცია „საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციაც“ (საია) აცხადებდა, რომ სენაკის საკრებულოს 9 და 23 თებერვლის სხდომები კვორუმის არარსებობის გამო არალეგიტიმური იყო. შესაბამისად, ორგანიზაციაში განმარტეს, რომ სენაკის საკრებულოს უფლებამოსილება 17 ივნისს უნდა შეწყვეტოდა და ცესკოს სენაკის ერთ მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნები კი არ უნდა დაენიშნა, არამედ სრულად საკრებულოს რიგგარეშე არჩევნები უნდა ჩატარდეს.

„საიამ“ სენაკის მაჟორიტარულ ოლქში შუალედური არჩევნების დანიშვნის შესახებ ცესკოს გადაწყვეტილება სასამართლოში 14 აგვისტოს გაასაჩივრა. თუმცა, სასამართლომ ორგანიზაციის სარჩელი არ დააკმაყოფილა.

ცესკომ სენაკის მუნიციპალიტეტში საკრებულოს შუალედური არჩევნები მას შემდეგ დანიშნა, რაც ფრაქცია ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა წევრმა, ვახტანგ წურწუმიამ საკრებულო პირადი განცხადების საფუძველზე დატოვა. მას უფლებამოსილება ვადამდე ადრე ოფიციალურად 31 მაისს შეუწყვიტეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button