skip to content
ახალი ამბები

სუსი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციას გმობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა 7 ოქტომბერს განაცხადა, რომ ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ დვანის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე „რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა განახორციელეს უკანონო ე.წ ბორდერიზაცია, რომლის ფარგლებშიც უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები“.

სუს-ის ცნობით, მომხდარის შესახებ გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ეგიდით მოქმედი ცხელი ხაზი და ინფორმირებულნი არიან ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეები. უწყებისვე თქმით, ოფიციალური თბილისი საკითხს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრაზეც დასვამს.

„უკანონო ე.წ. ბორდერიზაცია და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში და მიმდინარე პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებენ.

ეს ბოლო ერთ კვირაში ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონო ბორდერიზაციის უკვე მესამე შემთხვევაა. უკანონო ბორდერიზაციის შესახებ სუს-ში 1 ოქტომბერსა და 30 სექტემბერსაც განაცხადეს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button