skip to content
ახალი ამბები

სუსი ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან უკანონო „ბორდერიზაციაზე“ საუბრობს

საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა (სუს) 30 სექტემბერს განაცხადა, რომ ცხინვალის საოკუპაციო ხაზთან, ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ კნოლევის მიმდებარე ოკუპირებულ ტერიტორიაზე რუსეთის საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა ე.წ. „ბორდერიზაციის“ ფარგლებში უკანონოდ დაამონტაჟეს ლითონის ბოძები და მავთულხლართები.

სუს-ის, ცნობით, ფაქტთან დაკავშირებით გააქტიურებულია ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიის ცხელი ხაზი და ინფორმაცია აქვთ ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების თანათავმჯდომარეებსაც.

„უკანონო ე.წ. „ბორდერიზაცია“ და მის ფარგლებში აღმართული უკანონო ინსტალაციები ხელს უშლის თავისუფალ გადაადგილებას, ართულებს ადგილობრივი მოსახლეობის ყოველდღიურ ცხოვრებას და აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს“, – აცხადებენ სუს-ში და მიმდინარე პროცესზე სრულ პასუხისმგებლობას საოკუპაციო ძალას აკისრებენ.

უწყებისვე განმარტებით, ქვეყნის ცენტრალური ხელისუფლება საკითხს ერგნეთის ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმების შეხვედრებსა და ჟენევის საერთაშორისო დისკუსიებზე დააყენებს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button