თავდაცვის მინისტრი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს შეხვდა
საქართველოს თავდაცვის სამინისტრომ 27 სექტემბერს განაცხადა, რომ თავდაცვის მინისტრმა, ჯუანშერ ბურჭულაძემ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს, ხავიერ კოლომინას უმასპინძლა.
თავდაცვის სამინისტროს ცნობით, მხარეებმა შეხვედრაზე რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოსა და გამოწვევებზე იმსჯელეს და შექმნილი რთული ვითარების ფონზე, შავი ზღვის უსაფრთხოების გაძლიერების კუთხით ალიანსის ჩართულობის გაზრდის მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.
- 27/09/2022 – პრეზიდენტი და პრემიერი ხავიერ კოლომინას შეხვდნენ
„შეხვედრაზე ისაუბრეს ალიანსის მხრიდან საქართველოს საჭიროებებზე მორგებული მხარდაჭერის მნიშვნელობაზე, რაც რეგიონში მზარდი უსაფრთხოების გამოწვევების ფონზე განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის, მდგრადობისა და ნატო-სთან თავსებადობის გაძლიერების კუთხით“, – ნათქვამია უწყების განცხადებაში.
ამ კონტექსტში, შეხვედრის მონაწილეებმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის წარმატებულ როლზე გაამახვილეს ყურადღება. მათვე, თავდაცვის სისტემაში განხორციელებული რეფორმები, თანამშრომლობის პრიორიტეტული მიმართულებები და სამომავლო გეგმებიც მიმოიხილეს.
„შეხვედრაზე კიდევ ერთხელ დადასტურდა ნატო-ს მტკიცე და ურყევი მხარდაჭერა საქართველოს სუვერენიტეტის, ტერიტორიული მთლიანობისა და საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფებების მიმართ“.
შეხვედრის შემდგომი კომენტარები
შეხვედრის დასრულების შემდეგ, ჯუანშერ ბურჭულაძემ განაცხადა, რომ მათ ის შედეგები განიხილეს, რასაც საქართველომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში მიაღწია.
„ჩვენ ვისაუბრეთ იმ წვრთნების წარმატებაზე, რაც ჩატარდა საქართველოში, ბოლო პერიოდში… ჩვენ დავგეგმეთ ასევე მომავალი [ურთიერთობა]… ნატო უპირობო მხარდაჭერას უცხადებს საქართველოს“, – თქვა თავდაცვის მინისტრმა და დასძინა, რომ საქართველო ნატოს ბრიუსელის სამიტსაც დაესწრება.
- 09/09/2022 – მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022” დასრულდა
- 29/08/2022 – მრავალეროვნული სამხედრო სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022“ დაიწყო
თავის მხრივ, ხავიერ კოლომინამ აღნიშნა, რომ ნატო საქართველოს თავდაცვის ძალებთან არსებული თანამშრომლობის დონით კმაყოფილია. მანვე ნატოს მადრიდის სამიტზე საქართველოს მხარდამჭერი ღონისძიებების დამტკიცებაზეც გაამახვილა ყურადღება, რაც მისივე თქმით, საქართველოს თავდაცვის ძალებს საბჭოთა ტექნიკიდან თანამედროვე საშუალებებზე გადასვლასა და მოდერნიზაციაში დაეხმარება.
მანვე ნატო-საქართველოს არსებით პაკეტზე მუშაობაზეც გაამახვილა ყურადღება და ხაზი გაუსვა, რომ ამ თვალსაზრისით ნატო საქართველოსთან ძალიან კარგად თანამშრომლობს. ხავიერ კოლომინამ ასევე დასძინა, რომ „ნატო საქართველოს ღირებული პარტნიორია“.
„ვაფასებთ თავდაცვის ძალების პროფესიონალიზმს, ურთიერთობების დონეს, რისი კარგი მაგალითია ნატო-საქართველოს ერთობლივი წვრთნები, რომელიც მარტის ბოლოს ჩატარდა. ამ წარმატებულ თანამშრომლობას მომავალშიც გავაგრძელებთ“, – განაცხადა ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურმა წარმომადგენელმა.
ასევე წაიკითხეთ:
- 25/03/2022 – სტოლტენბერგის ვიდეომიმართვა ნატო-საქართველოს სწავლების დროს
- 24/03/2022 – საქართველოს ლიდერების მიმართვა „ნატო-საქართველოს სწავლება 2022-ის“ ღონისძიებაზე
This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)