ახალი ამბები

პრეზიდენტი და პრემიერი ხავიერ კოლომინას შეხვდნენ

თბილისში ვიზიტად მყოფი ნატოს გენერალური მდივნის სპეციალურ წარმომადგენელს სამხრეთ კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში, ხავიერ კოლომინა 27 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტს, სალომე ზურაბიშვილს, პრემიერმინისტრს, ირაკლი ღარიბაშვილს და საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილსაც შეხვდა.

პრეზიდენტთან შეხვედრა

საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა საკითხებთან ერთად, რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების გარემოსა და შავი ზღვის უსაფრთხოების საკითხებში საქართველოს განსაკუთრებულ როლზე ისაუბრეს.

ამავე ინფორმაციით, სალომე ზურაბიშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოს ევროპული პერსპექტივასა და ევროკომისიის 12-პუნქტიანი რეკომენდაციის შესრულებაზეც იმსჯელეს ამ თვალსაზრისით, დეპოლარიზაციისა და დემოკრატიული რეფორმების გატარების მნიშვნელობაზე გაამახვილეს ყურადღება.

09/05/2022 – ნატო საქართველოში „შეჩერებული“ რეფორმების გამო შეშფოთებულია

„აღინიშნა, რომ ქვეყნის ევროპული ინტეგრაცია ქვეყნის მოსახლეობის უმრავლესობის მიერაა მხარდაჭერილი, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ ოპოზიციამ და მმართველმა გუნდმა ყველაფერი გააკეთოს დეპოლარიზაციისა და ინსტიტუციური რეფორმების განხორციელებისათვის“, – ნათქვამია პრესრელიზში.

ამავე ინფორმაციით, შეხვედრის მონაწილეებმა საქართველო-ნატოს ურთიერთობების, ინსტიტუციური და დემოკრატიული რეფორმების მნიშვნელობაზეც გაამახვილეს ყურადღება.

ამავე განცხადებით, „ხავიერ კოლომინამ კიდევ ერთხელ დაადასტურა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და სუვერენიტეტის, ასევე, ევროატლანტიკური და ევროპული ინტეგრაციის მტკიცე მხარდაჭერა“.

პრემიერმინისტრთან შეხვედრა

საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერთან შეხვედრაზე მხარეებმა ევროატლანტიკური ინტეგრაციის კუთხით საქართველოს მიერ მიღწეული პროგრესი და ნატო-საქართველოს ურთიერთობების დღის წესრიგის ძირითადი მიმართულებები მიმოიხილეს.

ამავე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილმა და ხავიერ კოლომინამ საქართველოზე მორგებული მხარდაჭერის ზომების შესახებაც ისაუბრეს, რომლებიც ქვეყნის თავდაცვის შესაძლებლობების კიდევ უფრო გაზრდას ისახავს მიზნად.

„ყურადღება გამახვილდა ნატოს ახალ სტრატეგიულ კონცეფციაზე. ითქვა, რომ კონცეფცია იმეორებს ნატოს ურყევ მხარდაჭერას საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მიმართ და ხაზს უსვამს ალიანსისთვის შავი ზღვის სტრატეგიულ მნიშვნელობას“.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერმა ღარიბაშვილმა აღნიშნა, რომ „საქართველო ყოველთვის იყო ალიანსის ერთ-ერთი ყველაზე საიმედო და ქმედუნარიანი პარტნიორი, რომელმაც უდიდესი წვლილი შეიტანა საერთო ევროატლანტიკურ უსაფრთხოებაში“.

მხარეებმა უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის მიერ დაწყებულ ომზეც იმსჯელეს და რეგიონსა და მსოფლიოში არსებულ რთულ უსაფრთხოების გარემოზეც გაამახვილეს ყურადღება.

მხარეებმა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებული ვითარება მიმოიხილეს, რაც დროსაც ირაკლი ღარიბაშვილმა კიდევ ერთხელ დაადასტურა კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პოლიტიკის მიმართ საქართველოს მთავრობის ერთგულება.

შეხვედრას ასევე ესწრებოდნენ: საქართველოში ნატოს სამეკავშირეო ოფისის ხელმძღვანელი, ალექსანდრ ვინიკოვი; საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი, ილია დარჩიაშვილი და ნატოში საქართველოს წარმომადგენელი, ვიქტორ დოლიძე.

საგარეო საქმეთა მინისტრთან შეხვედრა

პრემიერისა და პრეზიდენტის შემდეგ, ხავიერ კოლომინა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრს, ილია დარჩიაშვილს შეხვდა. საგარეო უწყების ინფორმაციით, მხარეებმა ნატო-საქართველოს თანამშრომლობის ყველა მნიშვნელოვანი ასპექტი განიხილეს და ნატოს მადრიდის სამიტზე მიღებული გადაწყვეტილებების „დროულად განხირციელების“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

ამავე ინფორმაციით, ილია დარჩიაშვილმა და ხავიერ კოლომინამ რეგიონში შექმნილ უსაფრთხოების რთულ გარემოზეც იმსჯელეს და ნატოს მიერ საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის „ურყევი მხარდაჭერის მნიშვნელობას“ მნიშვნელობას გაუსვეს ხაზი.

„საგარეო საქმეთა მინისტრმა მადლობა გადაუხადა ხავიერ კოლომინას საქართველოს ნატოში ინტეგრაციის საქმეში მისი პირადი კონტრიბუციისა და მხარდაჭერისთვის“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button