ახალი ამბები

სტოლტენბერგის ვიდეომიმართვა ნატო-საქართველოს სწავლების დროს 

ნატოს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა 24 მარტს ნატო-საქართველოს სწავლების დროს, ღონისძიებაზე დამსწრე ხელისუფლების წარმომადგენლებს, ადგილობრივ და უცხოელ სამხედრო პირებს და დიპლომატებს ვიდეოზარით მიმართა.

„ეს სწავლება, რომელიც უკვე მესამედ ტარდება, აჩვენებს ნატოს მზადყოფნას, გააძლიეროს საქართველოს თავდაცვის შესაძლებლობები“, – განაცხადა სტოლტენბერგმა და აღნიშნა, რომ ის საქართველოსთან ნატოს მჭიდრო თანამშრომლობის დასტურია.

„ძლიერი და უნარიანი შეიარაღებული ძალები მთავარია საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის დასაცავად და ნატო განაგრძობს თქვენი ძალისხმევის მხარდაჭერას“, – განაცხადა გენერალურმა მდივანმა.

„ჩვენ გვჯერა წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის, სადაც დემოკრატია ტირანიაზე მაღლა დგას და სადაც ხალხი უსაფრთხო, თავისუფალი და წარმატებულია“, – დასძინა მან.

სტოლტენბერგმა დაგმო უკრაინაზე რუსეთის „სასტიკი და უაზრო“ თავდასხმა და რუსეთს წინა დარღვევები შეახსენა, მათ შორის, 2008 წლის ომი საქართველოს წინააღმდეგ და 2014 წელს ყირიმის დაპყრობა.

გენერალურმა მდივანმა ხაზი გაუსვა, რომ ნატო მზადაა კვლავაც დაუწესოს კრემლს სერიოზული სანქციები, რათა „ეს სასტიკი ომი დაასრულოს“ და გააძლიეროს უკრაინის მხარდაჭერა მისთვის სამხედრო აღჭურვილობის, ფინანსური და ჰუმანიტარული დახმარების აღმოჩენით.

საქართველოსა და უკრაინისთვის ნატოს წევრობაზე უარის თქმის შესახებ მოსკოვის მოთხოვნაზე საუბრისას, სტოლტენბერგმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ალიანსი დაიცავს თავის ძირითად პრინციპებს, მათ შორის, თითოეული ქვეყნის უფლებას თავად აირჩიოს საკუთარი გზა.

„ეს საქართველოს უფლებაცაა“, – განაცხადა მან და დასძინა, რომ „მას პატივი უნდა ვცეთ“.

ნატო-საქართველოს წვრთნისა და შეფასების ერთობლივ ცენტრში გამართულ ღონისძიებაზე სიტყვით ასევე გამოვიდნენ – საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი.

„ნატო-საქართველოს სწავლება 2022“ ნატო-საქართველოს სწავლებების ციკლში რიგით მესამე სწავლებაა, რომელიც სამ წელიწადში ერთხელ ტარდება. პირველი სწავლება 2016 წელს, ხოლო მეორე 2019 წელს გაიმართა.

ეს სამეთაურო საშტაბო და არა საველე სწავლებაა, რომელიც კომპიუტერულ სწავლებას გულისხმობს. წვრთნების განმავლობაში მონაწილეები კომპიუტერული სიმულაციების მეშვეობით ოპერაციების დაგეგმვისათვის საჭირო უნარჩვევებს ავითარებენ და ერთმანეთს ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ.

სწავლება ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის ფარგლებში გაიმართა და მისი მიზანი ალიანსთან საქართველოს თავსებადობის ამაღლებაა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button