ახალი ამბები

მრავალეროვნული სწავლება „ღირსეული პარტნიორი 2022” დასრულდა

ვაზიანის ბაზაზე მრავალეროვნული სახმედრო სწავლების „ღირსეული პარტნიორი 2022“ დახურვის ცერემონიალზე გამოსვლისას, პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სწავლება „კიდევ ერთი თანმიმდევრული ნაბიჯია ჩვენი საერთაშორისო თანამშრომლობის გაღრმავების, ჩვენი საამაყო ჯარის პროფესიონალიზმისა და ნატოსთან ურთიერთთავსებადობის მიმართულებით“.

„ჩვენ ნამდვილად გვეამაყება, რომ ამ სწავლებას საქართველოში უკვე მეექვსედ ვმასპინძლობთ“, – მიმართა ღარიბაშვილმა დამსწრე საზოგადოებას 9 სექტემბერს და დასძინა: „წლიდან წლამდე ჩვენი სამხედროები, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების კოლეგებთან ერთად, ავითარებენ თავიანთ შესაძლებლობებს და ქმნიან ძლიერ კავშირებს“.

პრემიერმა მონაწილე ქვეყნებს მადლობა გადაუხადა და მათ შორის იაპონია და შვედეთი გამოყო, რომელთაც პირველად მიიღეს მონაწილეობა სწავლებაში.

მან განსაკუთრებული მადლობა გადაუხადა „ჩვენს მთავარ სტრატეგიულ პარტნიორს, ამერიკის შეერთებულ შტატებს, სწავლების ორგანიზებასა და აღსრულებაში შეტანილი წვლილისთვის“ და ხაზი გაუსვა, რომ „ჩვენი თანამშრომლობა და პარტნიორობა არის მტკიცე და მზარდი დინამიკის, რომელიც მიმართულია ჩვენი ქვეყნის თავდაცვისუნარიანობისა და მდგრადობის განმტკიცებისკენ”.

საქართველოს მთავრობის პრესსამსახურის ინფორმაციით, მონაწილე ქვეყნების პირად შემადგენლობას სიტყვით მიმართეს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა, თავდაცვის ძალების მეთაურმა, გენერალ-მაიორმა გიორგი მათიაშვილმა, აშშ-ის ელჩმა საქართველოში, კელი დეგნანმა და აშშ-ის არმიის V კორპუსის მეთაურის მოადგილემ, გენერალ-მაიორმა ჯეფრი ბროუდვოთერმა.

საქართველო მრავალეროვნულ სამხედრო სწავლებას უკვე მეექვსედ მასპინძლობს. საერთაშორისო წვრთნებს საქართველოს თავდაცვის ძალების აღმოსავლეთის სარდლობა და ევროპასა და აფრიკაში აშშ-ის სარდლობა (USAREUR) ხელმძღვანელობს, ხოლო მხარდაჭერას წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის წვრთნებისა და შეფასების ერთობლივი ცენტრი (JTEC) ახორციელებს.

წლევანდელ მრავალეროვნულ სწავლებაში საქართველოს, აშშ-ის, ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების 2 400-ზე მეტი სამხედრო მონაწილეობდა 18 ქვეყნიდან და 1 მრავალეროვნული ბრიგადა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button