ინტერვიუ

კომენტარი: ურსულა ფონ დერ ლაიენის გამოსვლის მნიშვნელობა 

„სამოქალაქო საქართველომ“ ევროპაში კარნეგის ფონდის უფროს მეცნიერ თანამშრომელს და ჟურნალ Strategic Europe-ის მთავარ რედაქტორს, ჯუდი დემპსის ჰკითხა, თუ რა მნიშვნელობა შეიძლება ჰქონდეს ევროკომისიის პრეზიდენტის, ურსულა ფონ დერ ლაიენის გუშინდელ გამოსვლას ევროპარლამენტში აღმოსავლეთ პარტნიორობისთვის და, ზოგადად, მსოფლიოსთვის.  

2021 წლის თებერვალში უკრაინაში რუსეთის შეჭრის შემდეგ, ევროკომისიის პრეზიდენტი ურსულა ფონ დერ ლაიენი მტკიცედ უჭერდა მხარს როგორც უკრაინას, ისე მთელს რეგიონს. 

იგი დაჟინებით ითხოვდა უკრაინისთვის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას და ასევე დაუჭირა მხარი მოლდოვას კანდიდატობას. საქართველოს ჯერჯერობით მოცდა მოუწევს. თავის გამოსვლაში მან ძალიან მკაცრად ისაუბრა რუსეთზე და ევროკავშირში ერთიანობის შენარჩუნების საჭიროებას გაუსვა ხაზი.  სწორედ ამასთან დაკავშირებით, საჭიროა, რომ ევროკავშირმა გაატაროს ისეთი ენერგოპოლიტიკა, რომელიც იქნება დივერსიფიცირებული, არ იქნება რუსეთზე დამოკიდებული და ხელს შეუწყობს სუფთა ენერგიის მიწოდებას ევროპის მწვანე შეთანხმების ფარგლებში.  

აღმოსავლეთ ევროპისა და დასავლეთ ბალკანეთის მხარდაჭერა  

იმისათვის, რომ ევროკავშირის აღმოსავლელი მეგობრები და დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნები დაერწმუნებინა იმაში, რომ ევროკავშირი ამ რეგიონების ერთგული რჩება, ევროკომისიის პრეზიდენტმა განაცხადა თავის გამოსვლაში: „მინდა, რომ დასავლეთ ბალკანეთის, მოლდოვისა და საქართველოს მოსახლეობამ იცოდეს: თქვენ ჩვენი ოჯახის ნაწილი ხართ, თქვენ ჩვენი კავშირის მომავალს წარმოადგენთ და ჩვენი კავშირი თქვენს გარეშე არ არის სრულყოფილი“.  

უცნობია, რა ბედი ეწევა ევროკავშირის „აღმოსავლეთ პარტნიორობას“. და ეს მაშინ, როცა ბევრ წევრ სახელმწიფოს შორის, მხოლოდ ძალიან მცირე პოლიტიკური მხარდაჭერაა ევროკავშირის გაფართოების მიმართ – მიუხედავად იმისა, რომ უკრაინისა და მოლდოვის ბლოკში გაერთიანება შორეულ პერსპექტივას წარმოადგეს.   

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობა  

უნდა აღინიშნოს, რომ ურსულა ფონ დერ ლაიენი ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის შექმნის წინადადებით გამოვიდა. პირველად ეს იდეა საფრანგეთის პრეზიდენტმა, ემანუელ მაკრონმა გააჟღერა იმ დროს, როდესაც ევროკავშირს საფრანგეთი თავმჯდომარეობდა. დეტალები ბუნდოვანი რჩება, თუმცა ცნობილია, რომ გარკვეულ ქვეყნებს განსაკუთრებული ურთიერთობა ექნებათ ევროკავშირთან, რაც არ მოიცავს წევრობას.  

ევროპის პოლიტიკური თანამეგობრობის პირველი შეხვედრა 6 ოქტომბერს პრაღაში გაიმართება. ამჟამად, როტაციის წესით, ჩეხეთის რესპუბლიკა ევროკავშირის თავმჯდომარე ქვეყანაა ექვსი თვის ვადით.  

პრაღაში ევროკავშირის 27 წევრი სახელმწიფოსა და 17 ევროპული ქვეყნის, მათ შორის თურქეთის, გაერთიანებული სამეფოს, აზერბაიჯანის, სომხეთის, სერბეთის, ბოსნია და ჰერცეგოვინას, მონტენეგროს, კოსოვოს, ალბანეთის, ჩრდილოეთ მაკედონიის, ნორვეგიის, შვეიცარიის, ისლანდიის, ლიხტენშტაინის, მოლდოვისა და საქართველოს ლიდერები შეიკრიბებიან.  

საინტერესოა, რა სახის რეკომენდაციები იქნება მიღებული შეხვედრის შემდეგ. ერთი რამ უდავოა: ევროკავშირის გაფართოება ვერ მოხდება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის გარეშე.  რაც უფრო დიდია კავშირი, მით უფრო რთულია ბლოკის საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკაზე შეთანხმების მიღწევა და სტრატეგიული მიმართულების უზრუნველყოფა.      

ევროკომისიის პრეზიდენტი შეეცადა, რომ ეს საკითხები განსხვავებულად გადაეწყვიტა. მისი თქმით, ევროკავშირს გარდაუვლად ესაჭიროება რადიკალური და ღრმა შიდა რეფორმა. ამას მოყვება ევროკავშირის შესახებ ხელშეკრულებებში ცვლილებები, რასაც რამდენიმე წევრი სახელმწიფო ეწინააღმდეგება. მათ სურთ, რომ არსებული სტატუს კვო შენარჩუნდეს, ნაცვლად იმისა, რომ შეიცვალოს ევროკავშირის ფუნქციონირების ფორმა, განსაკუთრებით ხმის მიცემის უფლებისა და ვეტოს როლის თვალსაზრისით. „ვინაიდან ჩვენ სერიოზულად ვართ განწყობილნი ევროკავშირის გაფართოების მიმართ, ჩვენ რეფორმებსაც სერიოზულად უნდა ვუდგებოდეთ“, – მიმართა ურსულა ფონ დერ ლაიენმა ევროპარლამენტარებს.  

კორუფციის დაძლევა, ადამიანის უფლებების დაცვა  

ევროკომისიის პრეზიდენტმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ ევროკავშირმა უფრო მტკიცედ უნდა დაიცვას ადამიანის უფლებები როგორც ბლოკის შიგნით, ისე მის ფარგლებს მიღმა. მან ძალიან მწვავედ ისაუბრა კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ და ის ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროში ევროკავშირის სანქციების რეჟიმს დაუკავშირა. მისი თქმით, დემოკრატიული უკუსვლა ევროკავშირის შიგნით სწორედ კორუფციას უკავშირდება. მართალია მან პოლონეთი და უნგრეთი არ დაასახელა, თუმცა აღნიშნა, რომ არსებობს გარკვეული მანკიერი მხარეები, რაც ევროკავშირს შიგნიდან უთხრის ძირს.   

„თუ გვინდა, რომ დამაჯერებლები ვიყოთ, როდესაც კანდიდატ ქვეყნებს საკუთარი დემოკრატიის გაძლიერებას ვთხოვთ, ჩვენ სახლშიც უნდა აღმოვფხვრათ კორუფცია“, – განაცხადა ურსულა ფონ დერ ლაიენმა. ევროკავშირის საბიუჯეტო მხარდაჭერას სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა და კანონის უზენაესობა განაპირობებს.  

ჯუდი დემპსი International Herald Tribune-ში მუშაობდა კორესპონდენტად გერმანიასა და აღმოსავლეთ ევროპაში, ასევე Financial Times-ის დიპლომატიურ კორესპონდენტად ბრიუსელში, სადაც ნატოსა და ევროკავშირის გაფართოების საკითხებს აშუქებდა.      

უფრო ადრე, მას Financial Times-ის იერუსალიმის ბიუროს ხელმძღვანელის, ბერლინში კორესპონდენტის, ლონდონში აღმოსავლეთ ევროპის კორესპონდენტის თანამდებობები ეკავა. 1980-იან წლებში, იგი Financial Times-ისთვის, Irish Times-ისთვის და Economist-ისთვის ცენტრალური და აღმოსავლეთ ევროპის თემას აშუქებდა. 

ჯუდი დემპსიმ დუბლინის ტრინიტის კოლეჯი დაამთავრა, სადაც ისტორია და პოლიტიკური მეცნიერება შეისწავლა.  

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button