ახალი ამბები

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა სალომე ზურაბიშვილს ზელენსკის მადლობის წერილი გადასცა

უკრაინის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა, ანდრი კასიანოვმა პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილს 23 აგვისტოს ყირიმის პლატფორმის მეორე სამიტში მონაწილეობისთვის უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის მადლობის წერილი გადასცა.

წერილში ზელენსკი აცხადებს, რომ სამიტმა წარმოაჩინა „დემოკრატიული ქვეყნების ერთიანობა, ძალა და სიმტკიცე რუსეთის აგრესიისგან უკრაინისა და საერთაშორისო სამართლებრივი წესრიგის დაცვის მიმართ“.

უკრაინის პრეზიდენტის თქმით, მნიშვნელოვანია, რომ სამიტის მონაწილეებმა მკაფიოდ განაცხადეს, რომ „ისინი არ შეეგუებიან რუსეთის მიერ უკრაინის ნახევარკუნძულის დროებით ოკუპაციას და არასდროს აღიარებენ უკრაინის სუვერენული ტერიტორიის უკანონო ანექსიის მცდელობას“.

წერილში ნათქვამია, რომ სამიტმა დაადასტურა უკრაინელი ხალხის უფლება, დაიცვან საკუთარი თავი რუსული აგრესიისგან და გაათავისუფლონ რუსეთის მიერ ოკუპირებული ტერიტორია.

„ძალიან მადლობელი ვარ თქვენი ქვეყნის გადამწყვეტი და ურყევი მხარდაჭერისთვის უკრაინის მიმართ, რაც შეუფასებელია ჩვენთვის, რადგან ჩვენი მხარდაჭერა ჩვენს გამარჯვებასთან გვაახლოებს“, – ნათქვამია წერილში. „ჩვენ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ იმისთვის, რომ რაც შეიძლება სწრაფად გავათავისუფლოთ ჩვენი ქვეყანა ოკუპანტებისგან და პასუხისგებაში მივცეთ აგრესიულ და დანაშაულებრივ ომზე პასუხისმგებელი პირები“.

წერილში ზელენსკი ყირიმის პლატფორმის ფარგლებში თანამშრომლობის გაგრძელების სურვილს გამოხატავს, მათ შორის ყირიმის პლატფორმის პირველ საპარლამენტო სამიტსა და შავი ზღვის უსაფრთხოების კონფერენციაში მონაწილეობის გზით.

„მტკიცედ მჯერა, რომ ერთიანი ძალისხმევით ჩვენ დავამარცხებთ აგრესორს“, – ნათქვამია წერილში.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button