ახალი ამბები

პრეზიდენტი აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების საჭიროებაზე საუბრობს

თბილისის მე-6 საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში, საქართველოს პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა 5 სექტემბერს კონფერენციის მონაწილეთა შერჩეულ ჯგუფს ორბელიანების სასახლეში უმასპინძლა და მათ წინაშე სიტყვით გამოსვლისას აშშ-სა და ევროკავშირის წინააღმდეგ დეზინფორმაციასთან დაპირისპირების საჭიროებაზე ისაუბრა.

„ჩვენ უნდა ვიცნობდეთ ჩვენს მეგობრებს: ისინი, ვინც დასაწყისიდანვე მხარს უჭერდნენ ჩვენს გზას; ისინი, ვინც იმ რეფორმების გატარებაში დაგვეხმარნენ, რომლებსაც ახლაც ვაგრძელებთ; ისინი, ვინც იმ ინსტიტუტების განვითარებაში დაგვეხმარნენ, რომლებზეც ჩვენს თავს ახლა ვაფუძნებთ“, – აღნიშნა პრეზიდენტმა.

მან ხაზი გაუსვა, რომ „რუსეთიშეეცდება ამ რეალობას დაუპირისპირდეს. ეს ძალიან ძველი, საბჭოური ფენომენია, რომელიც შავს თეთრად წარმოაჩენს და თეთრს შავად, ყალბი რეალობა და დეზინფორმაცია. ვხედავთ ჩვენი დარწმუნების მცდელობებს და სხვადასხვა ახალი ამბების, ჭორების ან თუნდაც განცხადებების გავრცელების მცდელობებს, რომ საქართველო და უკრაინა შეიძლება არც თუ ისე მეგობრულები იყვნენ ერთმანეთის მიმართ… . აშშ არაა საქართველოს მშვიდობის, დემოკრატიის, უსაფრთხოების მხარდამჭერი და ჩვენი დამხმარე თავდაცვის ამაღლებაში, არამედ პირიქით, ის ომისკენ გვიბიძგებს“.

„უნდობლობის დათესვა რუსეთის მოქმედების ერთ-ერთი საყვარელი გზაა“, – განაგრძო სალომე ზურაბიშვილმა და აღნიშნა, რომ ამგვარი ქმედებები „ძალიან დესტუქციულია“ და საქართველომ მკაფიოდ უნდა განაცხადოს, რომ ასეთი რიტორიკა მოკავშირეების მიმართ დეზინფორმაციას წარმოადგენს.

პრეზიდენტის თქმით, წარმოუდგენელია, ვინმემ თქვას, რომ აშშ საქართველოს ომში ჩათრევას ცდილობს, მაშინ როცა რუსეთი, რომელმაც „ჩვენი ტერიტორიები დაიკავა, და სხვადასხვა დროს, პრაქტიკულად ყველა მეზობელთან შეიჭრა, თითქოს არაფერზე არაა პასუხისმგებელი“. „მეორე ფრონტის ამ იდეას კატეგორიულად უნდა დავუპირისპირდეთ“, – განაცხადა მან.

პრეზიდენტის თქმით, საჭიროა ასევე იმ ნარატივთან დაპირისპირება, რომლის თანახმადაც „ევროკავშირის რეფორმები გამიზნულია არა ძლიერი და უფრო დემოკრატიული საქართველოს შექმნის, განვითარებისა და დახმარებისათვის, არამედ, მათი გამოყენება შესაძლებელია საქართველოსა და მისი მთავრობის დესტაბილიზაციისთვის“.

„ეს კიდევ ერთი კარგი მაგალითია იმისა, რომ როცა რუსეთი სამხედრო აგრესიით პირდაპირ არ ოპერირებს, მაშინ ის დეზინფორმაციის მეშვეობით მოქმედებს“, – აღნიშნა სალომე ზურაბიშვილმა. ამ კონტექსტში, მან დეზინფორმაციისგან საქართველოს და მისი მოქალაქეების დაცვის, ასევე ქვეყნის მისწრაფებების პატივისცემის საჭიროებას გაუსვა ხაზი.

პრეზიდენტის თქმით, სულ უფრო მეტი ადამიანი, განსაკუთრებით ახალგაზრდობა ტოვებს ქვეყანას, ვინაიდან მათ არ აქვთ პერსპექტივის არსებობის აღქმა. „ჩვენ ჩვენს ახალგაზრდებში ეს ევროპული პერსპექტივა უნდა გავაღვივოთ. ეს ძალიან ნათლადაა წარმოდგენილი. არავინ უნდა იყოს პესიმისტურად განწყობილი“, – განაცხადა მან.

„საქართველოს მოსახლეობამ აჩვენა თუ სად დგას ის უკრაინასთან და ევროპასთან მიმართებით და ჩვენ, ვინც ქვეყნის სათავეში ვართ, იქნება ეს მმართველი გუნდი, თუ ოპოზიცია, თუ ინსტიტუციური ლიდერები, ყველანი პასუხისმგებლები ვართ და ყველას მოგვიწევს პასუხის გაცემა მომავალი თაობისათვის თუ როგორ ვიმოქმედეთ ამ ძალიან საინტერესო დროს“, – დასძინა პრეზიდენტმა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button