ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 20 აგვისტოს დაჭრილი პატიმარი გარდაიცვალა. „სამოქალაქო საქართველოს“ ინფორმაცია „კავკასიის მედიცინის ცენტრში“ დაუდასტურეს, სადაც პატიმარს გარდაცვალებამდე მკურნალობდნენ.

ოჯახის ინფორმაციით, გარდაცვლილის ცხედარი სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს.

„ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ ინციდენტი 20 აგვისტოს, დილით მოხდა. გამოძიების ვერსიით, ცვლის გადაბარების დროს, პატიმარი სპეციალური პენიტენციური სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს თანამშრომელს უკნიდან მიეპარა, სამსახურებრივ-საშტატო ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და პირველი უმისამართო გასროლის შემდეგ, მეორედ ესკორტირების სამმართველოს თანამშრომლების მისამართით ისროლა, ამის შემდეგ კი – იმავე იარაღიდან თავის არეში მიიყენა დაზიანება.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ მომხდარზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს. სამსახურის ცნობით, ოფიცრის დაუდევრობის შედეგად, პატიმარი მას მიეპარა და შარვლის საქამრიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და სამჯერ ისროლა, მათ შორის, „ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში“.

მანამდე, პატიმრის დედა ამბობდა, რომ მისი შვილი, რომელიც „ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში“ ინციდენტამდე ორი დღით ადრე გადაიყვანეს კვლავ საპატიმროში უნდა დაებრუნებინათ. „გადაწყვიტეს, რომ ერთ დღეში ბიჭი გამოკეთდებოდა და ბიჭი არ იყო კარგად, არ იყო მზად იმისთვის, რომ ციხეში გადაეყვანათ“, – აღნიშნა მან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button