skip to content
ახალი ამბები

ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრში მომხდარ ინციდენტზე სამართალდამცველი დააკავეს

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა 22 აგვისტოს განაცხადა, რომ „ფსიქიკური ჯანმრთელობის და ნარკომანიის პრევენციის ცენტრში“ 20 აგვისტოს ერთ-ერთი პატიმრის ჯანმრთელობის დაზიანების ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში სპეციალური პენიტენციური სამსახურის ესკორტირებისა და სპეციალური ღონისძიებების მთავარი სამმართველოს მე-3 განყოფილების ესკორტის ოფიცერი დააკავეს.

სპეციალური საგამოძიებო სამსახურის განცხადებით, დაკავებული ოფიცერი ფსიქიკური ჯანმრთელობის ცენტრის მე-3 სართულის დერეფანში, სადაც სამედიცინო ოთახებში ფსიქიკური ჯანმრთელობის პრობლემების მქონე პატიმრები იყვნენ განთავსებულნი, მათ შორის, დაშავებული პატიმარი, „საშტატო იარაღით წინდახედულობის ნორმის დაუცველად გადაადგილდებოდა“.

ამასთან, ამავე ინფორმაციით, ოფიცერმა პალატიდან დერეფანში გამოსული პატიმარი ვიზუალური მეთვალყურეობის გარეშე დატოვა და არ მიუთითა, რომ შესულიყო სამედიცინო ოთახში და მხოლოდ საჭიროების შემთხვევაში, პენიტენციური სამსახურის თანამშრომლების ნებართვით დაეტოვებინა ის.

სამსახურის განმარტებით, ოფიცრის დაუდევრობის შედეგად, პატიმარი მას მიეპარა და შარვლის საქამრიდან ცეცხლსასროლი იარაღი ამოაცალა და სამჯერ ისროლა, მათ შორის, „ერთ-ერთი გასროლით თავის არეში მიიყენა ცეცხლნასროლი ჭრილობა და ჩავარდა კომატოზურ მდგომარეობაში“.

საქმისადმი „მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე“, სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ინციდენტის ამსახველი ვიდეომასალაც გამოაქვეყნა.

საქმეზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 342-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა ან სხვა მძიმე შედეგი გამოიწვია. დაკავებულ ოფიცერს 2-5 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button