ძველი ამბები

1922: 26 მაისის აღნიშვნა ტერორის პირობებში

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1922 წლის 10 ივლისი, N24

26 მაისის აღნიშვნა

წითელი არმიის მიერ დაპყრობილმა საქართველომ, მიუხედავათ ჩეკის სასტიკი რეპრესიებისა, დამოუკიდებლობის დღე – 26 მაისი მაინც აღნიშნა.

22 და 23 მაისს უკვე მთელმა საქართველომ და მასთან ერთათ ბოლშევიკებმაც იცოდენ, რომ 24, 25 და 26 მაისს მოხდებოდა ყველგან დამპყრობელთა საწინააღმდეგო დემონსტრაციები და გამოსვლები, ამიტომ ორივე მოწინააღმდეგე მხარე შეუდგა მზადებას: ბოლშევიკებმა მთელი თავისი ძალები ფეხზე დააყენეს, 3-4 დღით ადრე შეუდგენ ყველა „არა საიმედო პირების“დატუსაღებას, წითელ არმიას ბრძანება მისცეს „მზათ ყოფილიყვნენ ომისთვის“, ხოლო ქართულ ლაშქარს როგორ არა საიმედოს, იარაღი ჩამოართვეს და ყაზარმებში ჩაკეტეს.

თფილისში  ქუჩებში გამოიყვანეს ჯავშნოსანი ავტომობილები, ხოლო ჰაეროპლანები მთელი დღეები ქალაქს დასტრიალებდნენ თავზე, რკინის გზებზე კი ჯავშნოსანი მატარებლები მოუსვენრად დასრიალებდენ. მეორეს მხრით ყველა ანტიბოლშევიკურმა პარტიებმა მოწოდებები გამოსცეს, სადაც ისინი აღნიშნავდნენ დამპყრობელთა ძალმომრეობას და მოუწოდებენ ყველას გამოსულიყვნენ ქუჩებში უიარაღოთ, ეროვნული დროშებით. მოწოდება გამოსცა ადგილობრივმა რუსობამაც, რომელშიც ისინი ბოლშევიკებისა და წითელ არმიის მოქმედებას გმობდენ და ქართველებთან ერთად მოითხოვდენ ოკუპანტებისაგან საქართველოს განთავისუფლებას.

24 მაისიდან მთელ საქართველოში მართლაც დაიწყო მანიფესტაციები და არ დარჩენილა ერთი კუთხეც, სადაც ამა თუ იმ სახით არ აღენიშნოთ იგი. თფილისში დემონსტრაცია მოხდა სახელმწიფო უნივერსიტეტთან, ერევნის მოედანზე [თავისუფლების მოედანზე], ვერის დაღმართზე, სალდათის ბაზარზე [დეზერტირების ბაზარი], მეტეხის ციხესთან და სხვაგან. ჩეკისტები და კურსანტები სასტიკათ სცემდნენ ხალხს, არ ინდობდნენ არც მოხუცსა და არც ბავშვს; მუშაობა შეწყდა რკინის გზის სახელოსნოებში, ქარხნებში, ფაბრიკებში და თვით სახელმწიფო დაწესებულებებშიც. საგარეო საქმეთა კომისარიატში მოსამსახურე ქალებს ჩეკისტები ადგნენ თავზე და ისე ამუშავებდნენ. ეკლესიებში მილიციონერები ჩააყენეს და ზარების რეკა აუკრძალეს; რუსის ეკლესიის მღვდელს დაჭერითაც დაემუქრენ. იჭერდნენ ყველას ვინც კი მოხვდებოდათ, მაგრამ დღით ქუჩაში გატარებას ვერ ბედავდენ და ნაშუაღამევს მიჰყავდათ ასობით ჩეკაში და ციხეში. დაჭრილებში ბევრია მძიმეთ ნაცემი, მათ შორის ქალები და ბავშვებიც.

ასეთივე ხასიათი ქონდა დემონსტრაციებს სხვა ქალაქებშიც. ბათუმში დემონსტრანტებმა ეროვნული დროშა ააფრიალეს ქალაქის თვითმმართველობის შენობაზე, დაიხურა მაღაზიები, შეწყდა მუშაობა ქარხნებში და სხვა დაწესებულებებში. ბოლშევიკებმა ნურიის მოედანზე სროლა აუტეხეს დემონსტრანტებს, გამოიყვანეს ცეცხლის მქრობელი რაზმიც.

ქუთაისში შუადღეზე ქალაქის ბაღში გაიმართა მიტინგი და გამოიტანეს რეზოლუცია, რომელშიც მოითხოვდნენ რუსის ჯარის გაყვანას. ქალაქში ყოველგვარი მაჯისცემა შეწყვეტილი იყო, არ მუშაობდენ მეეტლებიც კი.

სოფლებში ყველგან გაიმართა მიტინგები, ეკლესიებზე გამოკიდეს შავი და ეროვნული დროშები და იყო ზარების რეკა. ბევრგან ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენელნი მიიმალნენ. ასე მოხდა მაგალითად ქართლსა და კახეთში. გურიაში სოფელ ფიჩხის ჯვარში გაიმართა რამდენიმე საზოგადოების კრება, იგი დაახლოებით 7 ათას კაცისგან შესდგებოდა. მას უცებ ალყა შემოარტყეს ჩეკისტებმა და შეიარაღებულმა კომუნისტებმა. კომუნისტმა ჯაშმა ხალხში გაისროლა ყუმბარა, რის შემდეგაც ჩეკისტებმა თოფებიდანაც ასტეხეს სროლა, განსაკუთრებით თავგამოდებით ისროდა მასწავლებელი შალვა ლომთათიძე და ვიღაც კოპლატაძე. ხალხიდან სროლით არავის არ უპასუხებია, რადგან პარტიებმა წინასწარ გააფრთხილეს ხალხი, არავითარ შემთხვევაში იარაღისათვის არ მიემართათ და ისინიც სასტიკათ იცავდნენ დისციპლინას. მიუხედავათ ამისა, მიტინგი არ დაიშალა, მანამ, სანამ შესაფერისი რეზოლუცია არ მიიღო. თავმჯდომარე მხოლოდ მას შემდეგ ჩამოვიდა ტრიბუნიდან, როცა იგი ტყვიით ყბაში დაიჭრა. სროლის დროს მოკვდა 2 ქალი და 2 ბავშვი, დაიჭრა სამოცამდის.

ასეთ ამბებს ქონდა ადგილი გურიის სხვა საზოგადოებაშიდაც. განსაკუთრებით ფართო ხასიათი მიიღო ლანჩხუთში და ხიდისთავში. აქ იყო სროლა და მოჰყვა მსხვერპლი.

დემონსტრაციამ მწვავე ხასიათი მიიღო სამტრედიაშიც. აქ დემონსტრანტებსა და კომუნისტებს შორის მოხდა შეტაკება. კომუნისტებმა არ დაინდვეს უიარაღო ხალხი და რამდენიმე პირი კიდეც იმსხვერპლეს.

დაბა ბანძაში (სამეგრელო) ადმინისტრაცია დაერია უიარაღო ხალხს და სცემა. მძიმეთ გალახულია ერთი 7 წლის ბავშვი.

ქართლში და მთელ კახეთში სამი დღის განმავლობაში საბჭოთა ხელისუფლება არ სჩანდა. ბოლშევიკების ასეთმა სისასტიკემ ხალხი კიდევ უფრო გააბრაზა, დიდი და პატარა წყევლა-კრულვით იხსენიებს მათ, ვინც ისინი საქართველოში მოიყვანა.

Back to top button