Placeholder canvas
ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი უკრაინელებს – „ჩვენ თქვენთან ვართ“

„ჩვენ, ქართველები, მხარს გიჭერთ, თქვენთან ვართ რუსეთის აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში“, – მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა უკრაინელ ხალხს, რუსეთის აგრესიის დაწყების ერთი თვის თავზე გავრცელებულ ვიდეომიმართვაში.

„ჩვენ ვიცით რამდენად მამაცურად უწევდით წინააღმდეგობას ამ ერთი თვის, ზუსტად 29 დღის განმავლობაში და ეს უკვე 29 გამარჯვებაა, რომელსაც რუსეთის წინააღდეგ ომში მიაღწიეთ“, – განაცხადა მან.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, უკრაინის წინააღმდეგობამ აჩვენა, რომ „ის, რაც ყველას ზესახელმწიფო ეგონა, არ ყოფილა საკმარისად ან საერთოდაც ძლიერი იმისათვის, რომ უკრაინა ისე სწრაფად დაემარცხებინა, როგორც სურდა“.

პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა უკრაინელებს წარმატება და გამარჯვება უსურვა და განაცხადა, რომ „როგორც თქვენმა მეგობრებმა, ვიცით, რომ თქვენ იბრძვით როგორც საკუთარი თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისთვის, ასევე ჩვენი თავისუფლებისთვის, ჩვენი დამოუკიდებლობისა და ჩვენი საერთო ევროპული გზისთვის“.

„სლავა უკრაინი“, – დასძინა საქართველოს პრეზიდენტმა.


რუსეთის მხრიდან უკრაინის წინააღმდეგ ომის დროს, საქართველოს პრეზიდენტმა არაერთხელ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ და დაგმო რუსული აგრესია.

პრეზიდენტისგან განსხვავებით, უკრაინის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის სადავო განცხადებებს თებერვლის ბოლოს საზოგადოების პროტესტი და მთავრობის გადადგომის შესახებ მოწოდებები მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button