ახალი ამბები

სალომე ზურაბიშვილი: პუტინის რუსეთი „ტოტალიტარული, დიქტატორული რეჟიმია“ 

საფრანგეთის სატელევიზიო არხთან, France 24-თან ინტერვიუში, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსეთის შესახებ მკაცრი განცხადებები გააკეთა.

„ვერ დავუშვებთ, რომ ტოტალიტარულმა, დიქტატორულმა რეჟიმმა ყოველგვარი რეაგირების გარეშე იმოქმედოს“, – განაცხადა ზურაბიშვილმა, რომელიც საქართველოსთვის მეტი მხარდაჭერის მოსაპოვებლად მიმდინარე კვირას პარიზსა და ბრიუსელს სტუმრობს.

„მიმაჩნია, რომ ყველანი საფრთხეში ვართ. ევროპას ძალიან დიდი ხანი მიაჩნდა, რომ რუსული საფრთხე მას არ ეხებოდა“, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტმა ფრანგულენოვან ინტერვიუში.

კიდევ ერთ ინტერვიუში, რომელიც იმავე არხთან ინგლისურად შედგა, საქართველოს პრეზიდენტმა განაცხადა: „ესკალაციას არავინ უწყობს ხელს, გარდა თავად პუტინისა“.

მან აღნიშნა, რომ პუტინმა „საბაბად ე.წ. საფრთხე გამოიყენა, რათა საკუთარი აგრესია თავისთვის, რუსი მოსახლეობის თვალში გაემართლებინა“.

საქართველოს პრეზიდენტის თქმით, ახლა „პუტინმა აღმოაჩინა, რომ ევროპა ერთიანია“.

„მან ვერ გათვალა“, – განაგრძო პრეზიდენტმა. „მან უნდა გააცნობიეროს, რომ ყველაზე ვერ მოახდენს გავლენას და ყველას ვერ უკარნახებს, რასაც ეგონა, რომ შეძლებდა“.

ზურაბიშვილის თქმით, ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც პუტინი ის გახდა, რაც არის, ისაა, რომ „დასავლეთის მხარეს გარკვეული თვითშეზღუდვა იყო“ იმის შიშით, რომ პუტინის შესაძლო პროვოცირება არ მოეხდინათ.

მაგრამ უკრაინის შემთხვევაში, არანაირ პროვოცირებას არ ჰქონია ადგილი, განაცხადა მან. პუტინი მაინც შეიჭრა მეზობელ ქვეყანაში მიუხედავად იმისა, რომ „არ არსებობდა პუტინისთვის ნატოსგან მომავალი რაიმე მკაფიო ან გარდაუვალი საფრთხე“.

საქართველოს პრეზიდენტმა ასევე განაცხადა, რომ უკრაინის დღევანდელი ინტერვენცია „ევროპელების, ასევე ამერიკელების ეტაპობრივი უკანდახევის შედეგია“.

მიუხედავად ამისა, იგი მიესალმა ევროპელებს, რომელთაც „ერთიანი, უნიკალური ფრონტი გაშალეს, რაც უმნიშვნელოვანეს ისტორიულ ფაქტს წარმოადგენს, რომლის წინაშეც პუტინი დადგა“.

„ყოველთვის ასე იყო, რომ მას შეეძლო ევროპელები ერთმანეთისთვის დაეპირისპირებინა. თუ ახლა ვითარება შეიცვალა, ვეღარც ის [პუტინი} შეძლებს ევროპელების და ამერიკელების დაპირისპირებას. ეს მისთვის სხვა რეალობაა“, – დასძინა ზურაბიშვილმა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button