skip to content
ახალი ამბები

პრეზიდენტი: უკრაინაზე საქართველოს მთელი ევროპის მსგავსი პოზიცია უნდა ჰქონდეს

პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა პარიზიდან გავრცელებულ ვიდეომიმართვაში განაცხადა, რომ უკრაინაში მიმდინარე რუსული აგრესიის კვალდაკვალ „ჩვენგან არავინ ელოდება რაღაც ისეთ ზომებს, რომლებიც ამ ქვეყანას ჩააყენებს საფრთხეში, მაგრამ ჩვენგან ყველა ელოდება სოლიდარობას, თქვენც ელოდებით, მეც ველოდები“.

პრეზიდენტი, ამ გამოსვლით სავარაუდოა, რომ ირიბად გამოეხმაურა პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებებს უკრაინაზე, რომლებმაც ბოლო დღეებში საზოგადოების მნიშვნელოვანი ნაწილის გულისწყრომა გამოიწვია.

„საქართველოს ღირსება ყოველთვის იყო ისტორიულად და დღესაც, რომ ჩვენ ჩვენი პრინციპების ერთგულნი ვიყავით და ვიდექით, სადაც საქართველო უნდა ყოფილიყო“, — განაცხადა სალომე ზურაბიშვილმა.

„მე ამისთვის ჩამოვედი აქა დღეს პარიზში და [ჩავდივარ] ხვალ ბრიუსელში, რომ გამოვხატო ის ქართული სოლიდარობა უკრაინის მიმართ. იმ დროს, როცა მთელი ევროპა ერთიანია, ჩვენც ამ ერთობის ნაწილი უნდა გავხდეთ“, — თქვა საქართველოს პრეზიდენტმა.

მისი თქმით, „ჩვენ ყველა მადლიერები ვართ უკრაინისა დღეს, რომელიც იბრძვის ჩვენი თავისუფლებსითვის. ჩვენ არ გვინდა, რომ საქართველოს სხვა სურათი ჩანდეს საერთაშორისო არენაზე. ჩვენ ვართ ის ქვეყანა, რომელიც ისტორიულად ყოველთვის იყო თავისი პრინციპების ერთგული“.

მისი აზრით, უკრაინაში რუსეთის მიერ დატრიალებულმა აგრესიამ „ახალი ფანჯარა“ გახსნა. მისი თქმით, „ევროპელები მზად არიან, რომ სხვანაირად განიხილონ უკრაინის, საქართველოს და მოლდოვის მომავალი. ჩვენ აქ უნდა ვიდგეთ და ამიტომ ვარ აქა“.

პრეზიდენტ ზურაბიშვილის თქმით, ყველას ახსოვდეს, რომ საქართველო, როგორც უკრაინა არის ერთ-ერთი იმ ქვეყანათაგან, რომლებიც „ხვალ იქნებიან ევროპის ნაწილი, იმ ევროპის, რომელმაც დღეს აჩვენა თავისი ღირსება, ერთიანობით, თავისი უკრაინის აქტიური მხარდაჭერით“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button