ახალი ამბები

აფხაზეთში სამეთაურო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები იმართება

ოკუპირებული აფხაზეთის „თავდაცვის სამინისტრომ“ განაცხადა, რომ 1-2 მარტს არაგეგმიური სამეთაურეო-საშტაბო სამობილიზაციო წვრთნები გაიმართება, რომელშიც ოპერატიული მიმართულების „აღმოსავლეთი“ სარეზერვო ფორმირებების სამეთაურეო შემადგენლობა და მისი დაქვემდებარებული სამხედრო კომისარიატები მიიღებენ მონაწილეობას.

„წვრთნის მიზანი ოპერატიული მიმართულების „აღმოსავლეთი“ სარეზერვო ფორმირებების მიერ ომის დროს საბრძოლო ამოცანების შესრულებისთვის მზადყოფნის შემოწმებაა“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის „თავდაცვის სამინისტრომ“.

აფხაზეთის „თავდაცვის მინისტრის მოადგილემ“, ლიზბერტ ფოცხორ-ოღლიმ განაცხადა, რომ „ეს წვრთნა პირადი შემადგენლობისა და ტექნიკის ფაქტობრივი დონის განსაზღვრაში, ასევე არსებული საერთაშორისო სიტუაციის ფონზე, აფხაზეთის რესპუბლიკის სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობის ამოცანების შესახებ სამეთაურეო შემადგენლობის ინფორმირებაში დაგვეხმარება“.

უნდა აღინიშნოს, რომ ოკუპირებული რეგიონის აღმოსავლეთ ნაწილები დანარჩენ საქართველოს ესაზღვრება.

ადგილობრივი გამოცემის, „აპსადგილ-ინფოს“ ცნობით, ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციაში, „თავდაცვის მინისტრი“ ვლადიმირ ანუა, „უშიშროების საბჭოს მდივანი“, სერგეი შამბა, ოჩამჩირის რაიონის ადმინისტრაციის უფროსი, არტიმონ გაბელაია და თავდაცვის სამინისტროს სამეთაურეო შემადგენლობა სარეზერვო ძალების ოფიცრებსა და მეთაურებს შეხვდნენ.

ამავე ინფორმაციით, წვრთნები აფხაზეთის ყველა რაიონში ჩატარდება და მასში ყველა სარეზერვო ფორმირება მიიღებს მონაწილეობას.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button