ახალი ამბები

სოხუმი და ცხინვალი პუტინის მიერ დონბასის აღიარებას მიესალმებიან

ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ლიდერები, ასლან ბჟანია და ანატოლი ბიბილოვი მიესალმნენ რუსეთის პრეზიდენტის, ვლადიმირ პუტინის მიერ დონეცკისა და ლუგანსკის აღიარებას.

21-22 თებერვლის ღამით გავრცელებულ განცხადებაში, ასლან ბჟანიამ აღნიშნა, რომ როგორც რუსეთის მოკავშირე, აფხაზეთი მხარს უჭერს რუსეთის ხელმძღვანელობის გადაწყვეტილებას.

„დარწმუნებულნი ვართ, რომ ეს გადაწყვეტილება გრძელვადიან პერსპექტივაში რეგიონში უსაფრთხოების არქიტექტურის გაძლიერებას შეუწყობს ხელს“, – განაცხადა ოკუპირებული რეგიონის ლიდერმა.

„ამასთან, მიგვაჩნია, რომ რუსეთის მიერ დონბასის რესპუბლიკების აღიარება ხელს შეუწყობს უფრო სამართლიანი და დაბალანსებული მსოფლიო წესრიგის ფორმირებას, სადაც მცირე ერების უფლებები საიმედოდაა დაცული, ხოლო საერთაშორისო თანამეგობრობას ესმის და პატივს სცემს მათ ხმას“, – დასძინა მან.

თავის მხრივ, ცხინვალის რეგიონის ლიდერმა, ანატოლი ბიბილოვმა განაცხადა, რომ „უკრაინის ტერიტორიულ მთლიანობას კიევის რეჟიმმა მოუღო ბოლო იმით, რომ დონბასის ხალხის წინააღმდეგ სასტიკი ტერორი განახორციელა“.

„რუსეთმა დაუჯერებელი მოთმინება და სიმტკიცე გამოიჩინა, უტოვებდა რა შანსს კიევის ხელისუფლებას იმ იმედით, რომ კეთილგონიერება გაიმარჯვებდა და ეროვნული შერიგების კურსი იქნებოდა არჩეული მინსკის შეთანხმებების საფუძველზე“, – წერს ადგილობრივი საინფორმაციო სააგენტო „რესი“ ბიბილოვის სიტყვებზე დაყრდნობით.

„დიალოგის ნაცვლად, დონბასი არაადამიანობის ახალ-ახალი აქტების წინაშე დგებოდა, გენოციდის ზღვარზე“, – აღნიშნა მანვე.

„ეს გადაწყვეტილება ძმათამკვლელი სიგიჟის შეწყვეტის საწინდარია, ეს არის ათასობით ადამიანური სიცოცხლის შენარჩუნება, ეს არის შანსი უკრაინისთვის, რომ ნორმალურ ცხოვრებას დაუბრუნდეს და მომავალი იქონიოს“, – განაცხადა ბიბილოვმა და დასძინა, რომ ცხინვალმა ჯერ კიდევ 2014 წელს აღიარა დონეცკისა და ლუგანსკის დამოუკიდებლობა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button