Placeholder canvas
ახალი ამბები

საქართველო უკრაინაზე რუსეთის თავდასხმას ეხმიანება

საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი და პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი უკრაინაში რუსეთის შეჭრას Twitter-ზე გამოეხმაურნენ.

„ქართველი ერი შოკირებულია რუსეთის აგრესიით უკრაინაში“, – წერს სალომე ზურაბიშვილი. „სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს და [მოსკოვს] სამხედრო ოპერაციების შეწყვეტისკენ მოვუწოდებთ. #SlavaUkraini“.

თავის, მხრივ, პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა Twitter-ზე დაწერა, რომ „სუვერენულ ქვეყანაზე სამხედრო თავდასხმა მიუღებელია“.

„მოვუწოდებთ საერთაშორისო თანამეგობრობას ყველა შესაძლო ზომა მიიღოს რუსეთის მიერ საერთაშორისო წესრიგის უხეში დარღვევის შესაჩერებლად და შემდგომი სამხედრო ესკალაციის თავიდან ასაცილებლად“, – აღნიშნა პრემიერმა.

„რუსეთის მიერ უკრაინის წინააღმდეგ დაწყებული სამხედრო აგრესია სრულიად დაუშვებელია“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დავით ზალკალიანმა და დასძინა – „ჩვენ უკრაინის გვერდით ვდგავართ და მოვუწოდებთ საერთაშორისო პარტნიორებს, მკაცრი პასუხი გასცენ რუსეთის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და სიტუაციის დე-ესკალაცია უზრუნველყონ“.

უკრაინაში განვითარებულ მოვლენებს საქართველოს ხელისუფლებიდან პირველი პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი გამოეხმაურა და განაცხადა, რომ საქართველო „ამ რთულ პერიოდში უკრაინის გვერდით დგას“.

„სამწუხაროდ, ვერ მოხერხდა უკრაინაში ომის თავიდან აცილება“, – განაცხადა მან და მოუწოდა საერთაშორისო თანამეგობრობას რუსეთის შესაჩერებლად „ეფექტიანი და მტკიცე ნაბიჯები“ გადადგას, რათა არ მოხდეს სრულმასშტაბიან კონფლიქტში გადაზრდა და უზრუნველყოფილი იქნას საერთაშორისო ნორმების დაცვა.

რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმირ პუტინმა უკრაინის წინააღმდეგ „სპეციალური სამხედრო ოპერაცია“ დღეს დილით, მოსკოვის დროით დაახლოებით 06:00 საათზე გამოაცხადა, რის შემდეგაც, მოსკოვმა სრულმასშტაბიანი ინტერვენცია დაიწყო. ვრცელდება ინფორმაცია უკრაინის მასშტაბით აფეთქებების შესახებ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button