skip to content
ახალი ამბები

აფხაზეთიდან დევნილი შენობიდან გადმოხტომის შედეგად გარდაიცვალა

აფხაზეთიდან დევნილი 52 წლის ზურაბ ჭიჭოშვილი თბილისში მდებარე ყოფილი სანატორიუმის „ქართლის“ შენობიდან პროტესტის ნიშნად გადმოხტა და გარდაიცვალა. თვითმხილველთა ინფორმაციით, იგი ყოფილი სანატორიუმის ავარიულ შენობაში მცხოვრები, დაახლოებით, 120 ოჯახისთვის ახალი საცხოვრებლის გამოყოფის გაჭიანურებას აპროტესტებდა.

დევნილები ახალ შენობაში გადაყვანას უკვე წლებია ითხოვენ. პროტესტი დეკემბერში მას შემდეგ გამწვავდა, რაც საბჭოთადროინდელი სანატორიუმის ერთ-ერთ სადარბაზოში ჭერი ჩამოინგრა.

მეზობლების თქმით, თავად ჭიჭოშვილი ფიქრობდა, რომ მისი სიკვდილი სხვების გადაყვანის პროცესს დაეხმარებოდა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ „სამოქალაქო საქართველოს“ დაუდასტურა, რომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით დაიწყო, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

დღევანდელ პრესკონფერენციაზე საუბრისას, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა, ზურაბ აზარაშვილმა მოუწოდა საზოგადოებას, რომ მამაკაცის სიკვდილი დევნილთა პრობლემებს არ დაუკავშირონ და გამოძიების შედეგებს დაელოდონ.

„პირველადი ინფორმაციით, ეს არის უბედური შემთხვევა“, – განაცხადა მინისტრმა.

16 იანვარს ინციდენტის შემდეგ გავრცელებულ განცხადებაში, ჯანდაცვის სამინისტრომ მწუხარება გამოთქვა მამაკაცის გარდაცვალების გამო და აღნიშნა, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებით, „ქართლში“ მცხოვრები დევნილები ახალ საცხოვრებელ ფართებს 2022 წელს „უპირობოდ“ მიიღებენ.

სამინისტროს ინფორმაციით, დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტომ შენობაში მცხოვრებ ოჯახებს განსახლების ორი გზა შესთავაზა – მათ თბილისში ბინის მოძიება თავად შეუძლიათ, რომლის შესყიდვასაც სააგენტო უზრუნველყოფს და ასევე აქვთ ალტერნატივა, რომ სააგენტოს მიერ შესყიდული ბინების მშენებლობის დასრულებას დაელოდონ. ამ შემთხვევაში სააგენტო, გამგეობასთან ერთად, მათ ქირის თანხით უზრუნველყოფას სთავაზობს.

დევნილებს ამ შემოთავაზებასთან გარკვეული წუხილები აქვთ. სანატორიუმის ერთ-ერთმა მცხოვრებმა ქირის თანხით უზრუნველყოფის თაობაზე სააგენტოს დაპირება ეჭვქვეშ დააყენა და განაცხადა, რომ სხვა დევნილებს ქირა ორ თვეში აღარ გადაუხადეს, შედეგად კი – ისინი იძულებულნი გახდნენ, რომ ქირა თავად დაეფარათ.

მანვე განაცხადა, რომ სააგენტო მზად არის ისეთი ბინები შეისყიდოს, რომლის 1მ2 550 აშშ დოლარი ღირს და დასძინა, რომ ამ ფასად შესაფერისი სახლის ყიდვა „თითქმის შეუძლებელია“.

განვითარებული მოვლენების საპასუხოდ, ომბუდსმენის აპარატმა 17 იანვარს სააგენტოს მოუწოდა, რომ სათანადო ზომები მიიღოს პროცესის მიმართ დევნილთა ნდობის ასამაღლებლად.

სახალხო დამცველის აპარატმა ასევე აღნიშნა, რომ სააგენტო „დაუსაბუთებლად“ აცხადებდა უარს შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმებაზე. სახალხო დამცველმა სააგენტოს რეკომენდაციით 2020 წლის 21 დეკემბერს მიმართა და შენობის ტექნიკური მდგრადობის შემოწმება მოითხოვა. „არსებული საექსპერტო დასკვნით დასტურდება შენობაში სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის მომეტებული საფრთხის შემცველი გარემოს არსებობა“, – განაცხადა სახალხო დამცველმა.

ომბუდსმენის აპარატმა აღნიშნა, რომ მის ხელთ არსებული ბოლო მონაცემებით, ქვეყანაში 90-მდე სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საფრთხის შემცველი ობიექტია.

აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში 90-იანი წლების შეიარაღებული კონფლიქტების შედეგად დევნილმა მოსახლეობამ თავი სასტუმროებს, სანატორიუმებს, ბაღებს, სკოლებსა და საავადმყოფოებს შეაფარა. ზოგიერთები კვლავაც იქ რჩებიან. ამჟამად, საქართველოში, დაახლოებით, 270 000 დევნილია – 240 000 აფხაზეთიდან და 30 000-მდე ცხინვალის რეგიონიდან.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button