skip to content
რესპუბლიკის ამბები

1921: წერილები მეტეხის ციხიდან – წერილი ამხანაგებს

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 41, ფურცელი 12-13.

ძვირფასო ძმაო…

დღეს მივიღე შენი გამოგზავნილი თამბაქო და სხვა და სხვა. არ ვიცი რითი გადაგიხადო ეს. არ ვიცი ისიც, მოაწევს თუ არა შენამდე ეს ბარათი. ჩვენი მდგომარეობა თან და თან უარესდება. ეს ვებერთელა და დიდი ციხე აღარ იტევს ტუსაღებს. ყოველ დღიურად მოჰყავენ. მდგომარეობა ციხეში უსაშინლესზე საშინელია. ცივი ზამთარი, ცივი კედლები, ცივი ქვის იატაკი, სიმშილი, გადამდები სენი, ასეთია ჩვენი ხვედრი.

აუარებელ ტუსაღებს, რომელსაც თავი მოუყარეს არა აქვთ საჭმელი. ვერ წარმოიდგენთ თუ რა მხეცური ღრიალია. სისხლის სამართლით დასჯილთა შორის გამეფებულია საშინელი – ქურდობა, ძარცვა, ჩხუბი, ყვირიან – პური! არის შემთხვევა როცა სულ აღარ ღებულობენ. მთელი დღე არიან მშიერნი, მწყურვალნი. ხან ვღებულობთ ¼ გირვანქა პურს, ხან 1/2, ხან ერთ გირვანქას. შაქარი და სხვა სურსათი სრულიად აღარაა. ლობიოს წვენიც საკმარისი არაა. ტუსაღები ადამიანს აღარ მოგაგონებენ. ძვალ-ტყავათ ქცეულთა საშინელი ლანდები გეშლება ადამიანს თვალ-წინ, როცა მათ შესცქერით.

გადამდები სენი ორი თვეა, რაც მოედვა, ის თან და თან მატულობს. შიმშილისაგან ამ ორი თვის წინათ 8-10 კაცი კვდებოდა. ეხლა ტიფი დაემატა, მასიურია სიკვდილი. ასე რომ ვერ ვგებულობთ, სხვა და სხვა კამერაში ვინ და რამდენი მოკვდა. ციხის საავადმყოფოში არც წამალია, არც კვება.

მე ოთხი კვირაა, რაც ვწევარ და არც წამალი მიმიღია და არც რძე, თუმცა ექიმმა იმავე დღეს გამომიწერა. ღამე საშინელი სურათებია. ციხეში დაღამდება თუ არა შიში ჩამოვარდება  – შიში დახვრეტის. საავადმყოფოში კი ისმის კვნესა და ბოდვა. ბოდავენ და იძახიან  – წყალი, პური…

პოლიტიკური პირობები თან და თან გაუარესდა, ყველაფერი მოსპეს, ერთი თვეა რაც კომუნისტური გაზეთებიც აღარ გვინახავს. არ ვიცით სანამდი გაგრძელდება ეს.

ჩვენ გვგონია, რომ ტიფი შეგვმუსრავს და შეიძლება აწ ერთი მეორე ვეღარ ვნახოთ. არა ერთხელ მოვითხოვეთ იუსტიციის კომისარი, ჯანმრთელობის, მაგრამ პასუხი არ მიგვიღია. 7 დეკემბერს, მთლიანად კინაღამ ამოგვხოცეს მთვრალმა რუსის ჯარისკაცებმა. არ ვიცი რატომ, მაგრამ კამერებში შემოსვლისას დაგვიწყეს ყვირილი – კონტრრევოლუციონერებო, ავაზაკებო, და კიდეც კონდახებით დაგვერიენ.

სიმშილი და სიცივე განადგურებას გვიქადის რამდენიმე ასეულ ტუსაღებს.

ძალიან ძნელი კი ყოფილა ცოცხალი ადამიანის ხანგრძლივი ტანჯვით სიკვდილი, ცოცხალ სამარეში, კომუნისტურ სამარეში ყოფნა…

თქვენი ძმა.

ტფილისი, მეტეხის ციხე, 19 დეკემბერი, 1921 წ.

მსგავსი/Related

Back to top button