skip to content
რესპუბლიკის ამბები

1921. წერილები მეტეხის ციხიდან – ბოლშევიკური მართლმსაჯულება „საბჭოთა“ საქართველოში

წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 41, ფურცელი 10-12.

ბოლშევიკები ხშირად გაჰყვირიან ჩქარ და სწორ სამართალზე, მაგრამ, როგორც ყოველთვის, ამ შემთხვევაშიც სიტყვები მხოლოდ სინამდვილის მისაჩქამალავათ რჩება.

როგორც ვიცით, ბრალდებულის გასასამართლებლათ საჭიროა საქმის ყოველმხრივ მიუდგომელი გამორკვევა. თვით გამომძიებელი უნდა იყოს აღჭურვილი ერთგვარი საამისო ცოდნით, რითაც მას საშვალება მიეცემა ყოველმხრივ ანალიზი გაუკეთოს ჩადენილ დანაშაულს და დანაშაული სავსებით გამოარკვიოს. საქართველოს „ჩეკაში“ და XI არმიის ეგრედ წოდებულ საგანგებო განყოფილებაში (ოსობი ოტდელ), სულ წინააღმდეგს ვხედავთ. ამ დაწესებულებებში იშვიათად  შეხვდებით გამომძიებელს, რომელთაც საშუალება ჰქონდეს სწორი ფიქსაცია გაუკეთოს ჩვენებას. გარდა იმისა, რომ გამომძიებელნი მოკლებულნი არიან რამდენადმე მაინც შესაფერის განათლების ცენზს და სამსახურის სტაჟს, ხშირად არც მათი წარსული მოწმობს მათდა სასარგებლოთ. ამ ნაირად ადვილი გასაგებია ის, რომ ყოველივე ბრალდებული, მოხვდება თუ არა გამომძიებელთან, მაშინვე იგრძნობს თავს პირად მტერთან და არა მართლმსაჯულების წარმომადგენელთან, არავითარი კრიტერიუმი გამოძიებისა არ არსებობს „ჩეკის“ გამომძიებლისათვის. მისი ერთად ერთი ცდაა ბრალდებულის გამტყუნება. ამისათვის, ის როგორც იეზუიტი, არავითარ საშვალებას არ ერიდება, რევოლვერის გულზე მიბჯენა, სიკვდილით დასჯით დამუქრება, ფიზიკური შეურაცხყოფა და ბევრი სხვა. აი ზომები, რომელსაც მიმართავს „ჩეკის“ გამომძიებელი „სამართლის“ გამოსააშკარავებლად.

 ხშირად გამომძიებელნი, გამოძიების დროს, დახვრეტის სიმულიაციასაც მიმართავენ. გახდიან ბრალდებულს ტანზე, შეუკრავენ ხელებს, ჩასდებენ საბარგო ავტომობილში და გაჰყავთ ქალაქ გარეთ, გზაში კი გამომძიებელი ჩასჩიჩინებს, გამოტყდი და სიკვდილით დასჯისაგან გადაგარჩენო. მოქალაქე უგანოვმა გამოსცადა თავის თავზე ასეთი წამება. ასოთამწყობ ჯ-ს ისე სცემა გამომძიებელმა რევოლვერის ტარით, რომ ერთი გვერდი გაუტეხა. ბევრი ბრალდებულთაგანი, რომ თავი დაახწიოს ასეთ ტანჯვა-წამებას, აძლევს არა სწორ ჩვენებას და ბრალდებასაც იღებს საკუთარ თავზე, რომელიც მას არც დასიზმრებია.

გამოძიება მომეტებით ღამით ხდება. გარდა აღნიშნული ზომებისა, გამომძიებელნი მიმართავენ მრავალ გვარ ხერხს, ბრალდებულის დასაფრთხობათ და მის სულიერ სიმშვიდის წასართმევათ. ასე მაგალითად ცნობილი ოთარ-ბეგოვი, რომელიც სახელგანთქმულია ადამიანთა „პაჩკობით“ ხვრეტაში, შემდეგნაირად იქცევა: ბრალდებულს გამოიძახებს ღამის 2 ან 3 საათზე კაბინეთში დასაკითხავად. სრული სიწყნარეა, სარდაფიდან ამოყვანილ ბრალდებულს კაბინეტში შესვლისას ერთხელ კიდევ სჩხრეკავენ. დაკითხვის დროს ოთარ-ბეგოვი ხშირად იცვლის კილოს: ხან მეგობრულად ბაასობს, ხან თმებში ავლებს ხელს, იძლევა „პატიოსან კომუნისტურ სიტყვას“, ხან იყვირებს; შემდეგ უცებ შეჩერდება და გაუშტერებს თვალებს ბრალდებულს. კაბინეტში ჩამოვარდება სრული სიწყნარე. ამ დროს საამისოთ მაგიდაზე მომზადებულ თუნუქის ფირფიტას ჰკრავს ხელს შეუმჩნევლად. თუნუქი საშინელი ხრიალით  ეხეთქება იატაკს. შემკრთალი ბრალდებული უეცრივ წამოვარდება ზეზე. ხმაურობის გამოძახილი ისმის შენობის სხვა კაბინეტებიდანაც. ოთარ-ბეგოვი კი მსწრაფლ განაგრძობს კითხვების მიცემას ერთ-მეორეზე, ბრალდებული ვერ ართმევს თავს კითხვათა გროვას და ხშირად იძლევა ისეთ პასუხს როგორიც გამომძიებელსა ჰსურს.

გასამართლება კი ისეთ პირობებში ხდება, რომ ბრალდებულს ეკარგება საღი აზროვნების საშვალება და სიკვდილის შიშით შეპყრობილი საშინელ სულიერ ტანჯვას განიცდის. ერთი ოქროსმჭედელი იმდენად შეიცვალა გამოძიების დროს, რომ სარდაფში დაბრუნებისას ამხანაგმა ვერც იცნო. საწყალი სრულიად გათეთრებულიყო რამდენიმე საათის განმავლობაში.

ბევრია შემთხვევა, როცა ბრალდებული სრულიად დაუკითხავად ისჯება.

პირობები, რომელშიაც იმყოფებიან ტუსაღები, კალმით აუწერელია. ერთი სიტყვით „ჩეკა“ და „საგანგებო განყოფილებები“ მთელი თავისი საშინელებით და ჯერ არნახული ველურობით მიცვალებულის სუდარასავით დასწოლია თავს თავისუფლების მოყვარულ საქართველოს მშრომელ კლასს. ცხოვრების უკუღმართობამ ისე ინება, რომ რასაც საქართველოს მუშათა კლასის სახელით ეძახიან „საბჭოთა მართლმსაჯულებას“, სინამდვილეში საქართველოს მშრომელთა ხალხის განადგურებაა.

დევნილი.

მსგავსი/Related

Back to top button