skip to content
რესპუბლიკის ამბები

გერმანული გამოცემა “Vorwärts” სილიბისტრო ჯიბლაძის შესახებ სტატიას აქვეყნებს

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 30 ნოემბერი, N13

„მოხუცი“ სილვა“

[“Vorwärts” (წინ!)- გერმანიის სოციალ-დემოკრატიული პარტიის მთავარი გამოცემა, რომელის პირველი ნომერიც 1876 წელს გამოქვეყნდა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

„ფორვერტსი“ (8 ნოემბრის ნომერში) ატყობინებს თავის მკითხველებს ამხანაგ სილიბისტრო ჯიბლაძის დაპატიმრების ამბავს და აცნობს ქართველი პროლეტარიატის ძველი მებრძოლის პიროვნებას.

„ჯიბლაძე ჯერ კიდევ მოწაფე იყო, როცა 188 წელს როვოლუციურ ასპარეზზე გამოვიდა: ყველა ამ ხანებში მას წილად ხვდა 3 წლის ციხე. იშვიათი თავგანწირულობით და არა-ჩვეულებრივი ენერგიით ხელმძღვანელობდა ის საქართველოს პარტიას 30 წლის განმავლობაში. 1900 წელს ის გაიგზავნა ქართველი მუშების პირველ წარმომადგენლად პეტერბურგში რუს ამხანაგებთან მუდმივი კავშირის დასაკავებლად. 1903 წელს ის დაიჭირეს, კარგა ხანს ციხეში ამყოფეს და შემდეგ გადაასახლეს.

1905 წლის ამნისტიამ შეძლება მისცა მას დაბრუნებულიყო სამშობლოში… 1910 წელს კვლავ გადასახლებული იქნა. როგორც რუსეთის აგრეთვე საქართველოს დამფუძნებელი კრების და თბილისის საბჭოს არჩევნებში მისი სახელი კანდიდატთა პირველ რიგებში წამოაყენა პარტია.

„მოხუცი სილვა“ – ასე უწოდებენ მას მუშები – ჭაღარა, თითქოს მარმარილოდან გამოქანდაკებული, მოციქულის სახის პატრონია; ამასთანავე მის თვალებს ჭაბუკის გამომეტყველება აქვს. ის ესწრებოდა თფილისში ყველა დიდ კრებებს და მუშებისაგან გარშემორტყმული მამას მოგაგონებდათ. ამიტომაცაა, რომ ბოლშევიკები მას სდევნიან…

1883-1917 წლამდე ჯიბლაძემ არა ერთი და ორი დატუსაღება იგემა, მაგრამ ციხემ ვერასდროს შესძლო მისი მხნეობის გატეხვა. და არც მაშინ შეუშინებია ის დატუსაღებას, როცა ის ღამით ბინიდან წაიყვანეს. მაგრამ მას სიმწარეს ჰგვრიდა ის აზრი, რომ მისი დაჭერის განკარგულება მოახდინეს რენეგატებმა, რომლებიც ოდესღაც მისი მოწაფეები იყვნენ… ისინი მოვიდნენ მოსკოვიდან რუსის ჯარებთან ერთად და მიიღეს საოკუპაციო ძალებისაგან ისეთი მოვალეობა, რომელსაც ისინი დიდის ხალისით ასრულებენ: სოციალ-დემოკრატიული პარტიის ყველა ძალების მოსპობა. ამ რენეგატთა შორის ისეთებიც არიან, რომლებიც მას და ნოე ჟორდანიას არარაობიდან გამოუყვანიათ და ადამიანათ გაუხდიათ. ეხლა კი მათ მასწავლებელი  ჯალათს მიჰგვარეს… რაც მან უკანასკნელ დატუსაღების დროს განიცადა, აღემატება ძველ მეფურ საკატარღო ციხეების საშინელებას და მოგვაგონებს უნგრეთის მოძალადე ჰორტის „ზასტენოკს“.

ბოლოს გაზეთი იუწყება, რომ ამხანაგი სილიბისტრო გაანთავისუფლეს მხოლოთ მაშინ, როცა ის მძიმეთ დაავადმყოფდაო“.

[სილიბისტრო ჯიბლაძე ციხეში მძიმედ დაავადდა, გათავისუფლების შემდეგ კვლავ იდევნებოდა რეჟიმის მიერ, საბოლოოდ 1922 წლის 17 თებერვალს გულის შეტევით გარდაიცვალა კონსპირაციულ ბინაზე.  დაკრძალვის ცერემონიალის ფართო დემონსტრაციად გადაქცევის შიშით ჩეკისტებმა სილიბისტროს ცხედარი გაიტაცეს და ფარულად დაკრძალეს. – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].

მსგავსი/Related

Back to top button