ახალი ამბები

ირაკლი ღარიბაშვილი: „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი“

ჟურნალისტების თხოვნის საპასუხოდ, შეეფასებინა ევროპარლამენტარების განცხადება, სადაც მათ საქართველოს მთავრობა ევროკავშირისგან მაკროფინანსურ დახმარებაზე უარის გამო გააკრიტიკეს, საქართველოს პრემიერ მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა თქვა – „ევროპარლამენტარი არ არის ჩემი უფროსი“.

„ჩვენი უფროსი არის ქართველი ხალხი“, – დასძინა პრემიერმა და ხაზი გაუსვა, რომ „თუ მათ [ევროპარლამენტარებს] აინტერესებთ რეალურად საქმის ვითარებაში და არსში გარკვევა, უნდა გაარკვიონ და არა ზედაპირული განცხადებები აკეთონ“.

ევროპარლამენტარებმა – ვიოლა ფონ კრამონმა (მწვანეები/გერმანია) და ანდრიუს კუბილიუსმა (ევროპის სახალხო პარტია/ლიეტუვა) გუშინ ქართული ოცნების მთავრობა ევროკავშირის 75 მლნ ევროს ოდენობის სესხზე უარის გამო გააკრიტიკეს. ევროპარლამენტარმა კრამონმა თქვა, რომ საქართველომ სესხისთვის საჭირო პირობები ისედაც ვერ შეასრულა. „უარს ვერ იტყვით იმაზე, რაც ისედაც არ გეკუთვნოდა“, – დაწერა Twitter-ზე ევროპარლამენტარმა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ევროპის სასალხო პარტიაც გააკრიტიკა და თქვა, რომ ის ერთიანი ნაციონალური მოძრაობის „დედა“ პარტიაა. მისივე თქმით, ევროპის სახალხო პარტიის წევრები „ტრადიციულად არიან სოლიდარულნი“ ნაციონალური მოძრაობის მიმართ და „სუბიექტურ, მოკერძებულ“ განცხადებებს აკეთებენ ისე, რომ „რეალურად საქმის არსში არ ერკვევიან“.

პრემიერისვე თქმით, „2012 წლიდან მოყოლებული“, მაშინ, როდესაც არჩევნები ჯერ კიდევ არ იყო დასრულებული, სახალხო პარტიის წარმომადგენლები ევროკავშირში „ძალიან ზედაპირულ დეზინფორმაციას ავრცელებდნენ“ ქართული ოცნებისა და მისი დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის შესახებ.

აღნიშნა რა, რომ „საქართველოში დღეს არსებული სასამართლო სისტემა ბევრად წინ უსწრებს ევროკავშირის მოქმედი წევრი სახელმწიფოების სასამართლო სისტემას“, პრემიერმა კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ ხელისუფლებამ 75 მლნ ევროს სესხზე უარი პოლიტიკური „ინსინუაციებისა“ და „სპეკულაციების“ თავიდან ასაცილებლად თქვა.

„ძალიან მაცდური კარიერული პერსპექტივაა“, – დაწერა Twitter-ზე ფონ კრამონმა ირაკლი ღარიბაშვილის დღევანდელი განცხადებების საპასუხოდ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

Back to top button