skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირი: საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა

ევროკავშირი აცხადებს, რომ პატივს სცემს საქართველოს ხელისუფლების გადაწყვეტილებას, რომ არ მოითხოვოს მაკროფინანსური დახმარების მეორე ნაწილი, თუმცა დასძენს, რომ „საქართველომ ვერ შეძლო საკმარისად შეესრულებინა მაკროფინანსური დახმარების მიღების პირობა და, კერძოდ, გაეზარდა სასამართლო სისტემის დამოუკიდებლობა, ანგარიშვალდებულება და ხარისხი“.

„განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს, რომ უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა შერჩევა წარიმართა საკანონმდებლო ცვლილებების მიღების გარეშე, რაც საჭირო იყო ვენეციის კომისიის რეკომენდაციებთან სრული შესაბამისობისთვის“, – ნათქვამია ევროკავშირის წარმომადგნელობის განცხადებაში, სადაც ასევე ხაზგასმულია, რომ „შერჩევის პროცესში არ იყო გარანტირებული თანაბარი პირობები კანდიდატისთვის“.

საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს განაცხადა, რომ მთავრობას გადაწყვეტილი აქვს, თავი შეიკავოს ევროკაშირის 75 მლნ ევროიანი სესხის აღებისგან. პრემიერის თქმით, მთავრობამ პოლიტიკური ინსინიუაციების თავიდან აცილების მიზნით, საგარეო ვალის შემცირება დაიწყო.

ევროკავშირში ადრევე განაცხადეს, რომ საქართველოსთვის დახმარების მეორე ნაწილის გამოყოფა სასამართლოს სისტემის რეფორმის განხორციელებასა და 19 აპრილის შეთანხმების პირობების შესრულებაზე იქნებოდა დამოკიდებული.

ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას დღეს მწვავე კრიტიკა მოჰყვა ოპოზიციაშიც.

ევროკავშირის საბჭომ 2020 წლის მაისში საქართველოსვის კოვიდ-19-ის პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური ზარალის შესამცირებლად 150 მლნ ევროს გამოყოფის გადაწყვეტილება მიიღო. ევროკავშრმა პირველი ტრანშის სახით 75 მლნ ევრო იმავე წლის ნოემბერში გამოყო. საქართველოს სესხის მეორე ნაწილი 2021 წლის 30 სექტემბრისთვის უნდა მიეღო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button