skip to content
ახალი ამბები

„ტვ პირველის“ გადამღებ ჯგუფზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავეს 

შინაგან საქმეთა სამინისტრომ დღეს განაცხადა, რომ 5 ივლისს „ტელეკომპანია პირველის“ გადამღებ ჯგუფზე, მირანდა ბაღათურიასა და ალექსანდრე ლაშქარავაზე თავდასხმისთვის კიდევ ერთი პირი დააკავა.

დღეს დაკავებული იმ ინციდენტში მონაწილეობდა, რომელიც ულტრამემარჯვენეების მიერ მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში შეჭრისას მოხდა. ბაღათურიას თქმით, აწ უკვე გარდაცვლილ ლაშქარავას „სულ ცოტა ოცი ადამიანი“ სცემდა. 

დაკავებულს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე (ჯგუფური ძალადობა), 154-ე (ჟურნალისტის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლა) და 156-ე (ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნა) მუხლებით წარუდგინეს. ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტებზე ძალადობისთვის სულ 5 პირია დაკავებული, ჯამში ჟურნალისტებზე თავდასხმისთვის კი – 17. 

ლაშქარავას გარდაცვალებას გუშინ ქართული საზოგადოების მწვავე პროტესტი მოჰყვა, რის შედეგადაც, ათასობით ადამიანი მთავრობის გადადგომის მოთხოვნით პარლამენტის შენობის წინ აქციაზე შეიკრიბა. კიდევ ერთი სოლიდარობის აქცია ჟურნალისტებმა მთავრობის კანცელარიის წინ გამართეს. 

იმ ფონზე, როდესაც გარდაცვალების ოფიციალური მიზეზი უცნობი რჩება, შინაგან საქმეთა სამინისტრომ ნარკოტიკური ნივთიერებებით ზედოზირების ვერსია გაახმოვანა, რასაც მედიის მწვავე კრიტიკა მოჰყვა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button