skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ულტრამემარჯვენე ჯგუფების აქციაზე 102 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, 6 ივლისს თბილისში ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების მიერ ძალადობის საწინააღმდეგო აქციის „თავისუფლებისთვის“ წინააღმდეგ ორგანიზებულ კონტრაქციაზე ადმინისტრაციულით 100 პირი, 2 კი – სისხლის სამართლებრივი წესით დააკავეს.

გუშინ, რუსთაველის გამზირზე ორი პარალელური აქციის დროს, ძალადობრივი ჯგუფები მშვიდობიანი პროტესტანტების მისამართით, რომელთაგანაც მათ პოლიციის კორდონი ჰყოფდათ, ხის ჯოხებს, ხრეშით სავსე პლასტმასის, ასევე მინის ბოთლებს, კვერცხებს და სხვადასხვა ნივთს ისროდნენ. ჰომოფობიურად განწყობილმა დემონსტრანტებმა პოლიციის კორდონის გარღვევა და მშვიდობიან აქციაზე შეჭრა არაერთხელ სცადეს.

შსს-ს განცხადებით, გუშინ „[მშვიდობიანი] აქციის მოწინააღმდეგედ შეკრებილი მოქალაქეების ნაწილის პროტესტი გასცდა გამოხატვის თავისუფლების და მშვიდობიანი შეკრების კანონით დადგენილ ფარგლებს… [და] მიიღო ძალადობრივი ხასიათი“. უწყებისვე განცხადებით, ადმინისტრაციული წესით დაკავებული 100 პირიდან 68 ხელწერილის საფუძველზე გაათავისუფლეს, 32 კი – დროებითი მოთავსების იზოლატორში რჩება.

ამასთან, შსს-ს განცხადებით, სისხლის სამართლებრივი წესით ორი დაკავებულიდან ერთის მიმართ გამოძიება „პალიტრა ნიუსის“ ოპერატორზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის უკანონოდ შეშლის მუხლებით მიმდინარებს, ხოლო მეორემ საპატრულო პოლიციის ავტომანქანის მინა დააზიანა.

რამდენიმესაათიანი დაძაბულობის შემდეგ, მშვიდობიანი აქციის მონაწილეებმა პარლამენტის მიმდებარე ტერიტორია დატოვეს. მათთვის საპატრულო პოლიციამ უსაფრთხო კორიდორები უზრუნველყო. ადგილიდან პოლიციის ესკორტით გაიყვანეს ჟურნალისტებიც. ამის შემდეგ, პარლამენტის წინ ტერიტორია ულტრამემარჯვენე ჯგუფების წარმომადგენლებმა დაიკავეს, პარლამენტის შენობის წინ აღმართული ევროპის დროშა ჩამოხსნეს, დახიეს და დაწვეს.

დღეს პარლამენტთან ევროპის დროშა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ხელახლა აღმართა და თქვა, რომ „მიუღებელია ევროკავშირის დროშის დაშვება“. „ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის სადარაჯოზე მუდმივად დგანან. მათი წვლილი საქართველოს განვითარებაში ფასდაუდებელია“, – დასძინა მანვე.

ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე შსს-მ კიდევ რამდენიმე პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტრომ 5 ივლისს ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე კიდევ ოთხი პირი დააკავა.

შსს-ს ცნობით, მათგან ორმა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, ორმა კი – „მთავარი არხის“ ოპერატორს მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა. ორივე ინციდენტი რუსთაველის ტერიტორიაზე მოხდა.

შსს-ს ინფორმაციით, დაკავებულების მიმართ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 154-ე, 156-ე და 225-ე მუხლებით მიმდინარებს, რაც ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლას, დევნასა და ჯგუფური ძალადობის ორგანიზებას, ხელმძღვანელობას ან მასში მონაწილეობას გულისხმობს.

ამ დროისთვის, ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე ჯამში სულ 7 პირია დაკავებული. დაშავებულია მინიმუმ 53 ჟურნალისტი.

სარედაქციო შენიშვნა: ამბავი შინაგან საქმეთა სამინისტროს ახალი განცხადების შესაბამისად განახლდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button