skip to content
ახალი ამბები

შსს-მ ჟურნალისტებზე თავდასხმის საქმეზე 3 პირი დააკავა

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგო ჰომოფობიური აქციისას ჟურნალისტებზე ძალადობისა და პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელის შეშლის ბრალდებით 3 პირი დააკავეს. შსს-ს ცნობით, გუშინ კონტრაქციის მონაწილეებმა ჯამში 55 პირზე იძალადეს, მათ შორის, 53 მედიის წარმომადგენელი იყო.

უწყების განცხადებით, დაკავებულებმა გუშინდელ კონტრაქციაზე ტელეკომპანია „რუსთავი 2-ის“, „მთავარი არხის“, ასევე გამოცემა „ტაბულასა“ და სააგენტო „ნიუ პოსტის“ წარმომადგენლებს „ძალადობის მუქარით“ ჟურნალისტურ საქმიანობაში ხელი შეუშალეს და სცემეს.

ამავე ინფორმაციით, ამ დროისთვის უკვე გამოიკითხა მედიასაშუალების 25 წარმომადგენელი და მიმდინარეობს ინციდენტების ამსახველი მასალების შესწავლა.

უწყებისვე განმარტებით, მოძრაობა „სირცხვილიასა“ და „თბილისი პრაიდის“ ოფისებზე თავდასხმის ფაქტებზე გამოძიება სხვისი ნივთის დაზიანების ან განადგურების მუხლით (187-ე) გრძელდება. ამასთან, შსს ერთ-ერთ არასამთავრობო ორგანიზაციასთან, სავარაუდოდ, პიროტექნიკის აფეთქების შედეგად ერთი მოქალაქის დაზიანების საქმესაც იძიებს.

შსს-ს ინფორმაციით, გუშინ დედაქალაქში განვითარებული მოვლენების დროს ადმინისტრაციული წესით ასევე დააკავეს 8 პირი.

პრემიერ-მინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა გუშინდელი ძალადობა დაგმო და თქვა, რომ ეს მისთვის „კატეგორიულად მიუღებელია“. „პოლიცია მუშაობს ძალიან აქტიურად… ყველა პირის იდენტიფიცირება მოხდება და შესაბამისად იქნება ყველა პირი დასჯილი, ვინც ეს ძალადობა ჩაიდინა“, – დასძინა მანვე.

ტელევიზიების ნაწილი „ძალადობრივი ჯგუფების“ გაშუქების სტრატეგიას ცვლის

ჰომოფობიური ჯგუფების მხრიდან ჟურნალისტებზე თავდასხმის შემდეგ, ტელევიზიების ნაწილმა „რადიკალური და ძალადობრივი ჯგუფების“ გაშუქების სტრატეგია შეცვალა.

ტელეკომპანია „რუსთავი 2-მა“ განაცხადა, რომ მათ მიერ ორგანიზებულ არცერთ ღონისძიებას აღარ გააშუქებს. „ჩვენი ტელეკომპანიის ეთერი არასოდეს აღარ დაეთმობა პირებს და მათ ლიდერებს, რომლებიც ღიად იყენებენ სიძულვილის ენას, მოუწოდებენ ძალადობისა და აგრესიისკენ, აკეთებენ ჰომოფობიურ, ქსენოფობიურ თუ სხვა მსგავსი შინაარსის განცხადებებს“, – ნათქვამია „რუსთავი 2-ის განცხადებაში.

„მოძალადეების“ სატელევიზიო ეთერებში მოწვევასა და მათთან სატელევიზიო ინტერვიუებზე უარის თქმის ინიციატივით გამოვიდა ტელეკომპანია „იმედის“ გენერალური დირექტორი ნიკა ლალიაშვილი. „„იმედი“ ამ სტანდარტით იხელმძღვანელებს“, – დასძინა მანვე.

აღსანიშნავია, რომ უსაფრთხოების ზომების არასებობის გამო რამდენიმე ტელევიზიამ, მოვლენების ეპიცენტრიდან გადამღები ჯგუფები გაიყვანა. „პირველად მოხდა ეს, რომ ხელისუფლებამ გვაიძულა, რომ ჩვენ დავდოთ მიკროფონები და გამოვიდეთ ამ დაპირისპირების წერტილებიდან“, – თქვა „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტმა, ინგა გრიგოლიამ.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button