skip to content
ახალი ამბები

5 ივლისის მოვლენებზე შსს-მ კიდევ 8 პირი დააკავა

შინაგან საქმეთა სამინისტროს 8 ივლისის განცხადებით, თბილისში, 5 ივლისს, „ღირსების მარშის“ საწინააღმდეგოდ ულტრამემარჯვენე და ულტრაკონსერვატიული ჯგუფების, ასევე მართლმადიდებელი ეკლესიის ორგანიზებით გამართულ კონტრაქციაზე გამოვლენილი ძალადობისთვის კიდევ 8 პირი დააკავეს.

შსს-ს ცნობით, დაკავებულებიდან ორმა მოძრაობა „სირცხვილიას“ ოფისში „ტელეკომპანია პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორს, სამმა კი – ასევე „ტელეკომპანია პირველის“ ოპერატორსა და სააგენტო „ინტერპრესნიუსის“ ფოტოგრაფს სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს. დაკავებულების მიმართ გამოძიება ჟურნალისტურ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის, დევნისა და ჯგუფური ძალადობის მუხლებით მიმდინარებს.

რაც შეეხება კიდევ 3 დაკავებულს, შსს მათ ლგბტ თემის უფლებადამცველი ორგანიზაციის – „თბილისი პრაიდის“ ოფისში უკანონოდ შეღწევას, ძალადობას, რბევას და სხვისი ნივთის დაზიანებასა და განადგურებას ედავება. მათ მიმართ გამოძიება ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის, ძალადობით ან ძალადობის მუქარით დევნის და ბინის ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობის ჯგუფურად დარღვევის მუხლებით მიმდინარეობს, რაც 2-6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

5 ივლისს თბილისში განვითარებული მოვლენების დროს სულ მცირე 53 ჟურნალისტი დაშავდა. შსს-მ ჯამში 15 პირი დააკავა, მათგან 12 ჟურნალისტებზე ძალადობისა და მათთვის პროფესიულ საქმიანობაში უკანონოდ ხელშეშლის ბრალდებით.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button