skip to content
რესპუბლიკის ამბები

ივნისი, 1921: საბჭოთა რეჟიმმა დამფუძნებელი კრების 6 წევრი დააპატიმრა

წყარო: ირაკლი ხვადაგიანი, დამფუძნებელი კრება 1919, თბილისი, Sovlab.

1921 წლის 5 ივნისს საბჭოთა რეჟიმმა დააპატიმრა დამფუძნებელი კრების წევრი, ოზურგეთის ქალაქის თავის, სოციალ-დემოკრატი გიორგი მურვანიძე. საბჭოთა რეჟიმი მურვანიძეს 1921 წლის 26 მაისს ოზურგეთში დამოუკიდებლობის აღსანიშნავად არასანქცირებული მიტინგის გამართვას ედავებოდა. მურვანიძე პატიმრობიდან 1921 წლის 17 ივნისს გაათავისუფლეს.

საბჭოთა საქართველოს „ჩეკამ“ 1921 წლის 5 ივნის ბათუმში პოლიტიკური საქმიანობის გამო დააპატიმრა დამფუძნებელი კრების წევრი, აფხაზეთის ეროვნული საბჭოს (1919 წლიდან სახალხო საბჭოს) თავმჯდომარე, სოციალ-დემოკრატი ვარლამ შერვაშიძე, რომელიც თვენახევრიანი პატიმრობის შემდეგ გაათავისუფლეს.

14 ივნისს „ჩეკამ“ თბილისში დააპატიმრა რუსეთის მეორე სახელმწიფო სათათბიროს წევრი, დამფუძნებელი კრების წევრი, საბჭოთა რუსეთში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი გერასიმე მახარაძე, რომელსაც 1921 წლის მარტიდან გაცხადებული ჰქონდა რომ ჩამოშორებული იყო სოციალ-დემოკრატიულ პარტიისაგან. მახარაძე დაპატიმრებიდან მალევე გაათავისუფლეს.

1921 წლის 26 ივნისს დამოუკიდებელ სოციალ-დემოკრატთა – „სხიველთა“ მიერ გაზეთ „ახალი სხივის“ კრიტიკული ნომრის გამოცემის გამო  „ჩეკამ“ გაზეთი დახურა და ერთდროულად დააპატიმრა სხიველთა ლიდერები მუხრან ხოჭოლავა, კირილე ნინიძე და ნიკიფორე იმნაიშვილი. დაპატიმრებული პოლიტიკოსები რამდენიმე კვირაში გაათავისუფლეს.

მსგავსი/Related

Back to top button