12 ივნისი, 1921. სილიბისტრო ჯიბლაძე: ბოლშევიკები უფრო და უფრო მკაცრად გვეპყრობიან
წყარო: საქართველოს ეროვნული არქივის ცენტრალური საისტორიო არქივი, ფონდი 2117, ანაწერი 1, საქმე 11.
ესაა გადმომცეს წამოსული ვერ გადმოსულა, ალბად დააგვიანდება. სადაა, როგორაა ნოე ბესარიონის ძე [რამიშვილი], ბენია, ვალიკო, ლადო [მექი] კედია, [პლატონ] ფაჩულია [საგანგებო რაზმის მეთაურის მოადგილე და შემდგომში სისხლის სამართლის მილიციის უფროსი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა], რამდენათ მართალია, ვერას ვიტყვით: მათ აქედან უმიზნებენ.
დღეს უნდა გაეხსნათ საქართველოს პროფესიულ კავშირთა ყრილობა. ჯერ არ ვიცით ჩვენების რაოდენობა. თუ მივიღებთ მხედველობაში, რა ტერორის ქვეშ ხდებოდა არჩევნები, უნდა ვიფიქროთ, უმრავლესობა, რასაკვირველია, მათი იქნება. (ესაა გადმომცეს: 230 დელეგატიდან 6 მხოლოდ ჩვენია, 21 ფედერალისტი (ნუცუბიძე-ღლონტის ფრაქცია) და უპარტიოები დანარჩენი.
როდის მოხდება საბჭოთა არჩევნები, ჯერ ამაზე ვერას გეტყვით. ხიშნიკი [სავარაუდოდ, გენერალ კვინიტაძეს გულისხმობს – რესპუბლიკა 100] რასა იქმს – რატომ არ მოდის. ვფიქრობ შეუძლია, ჯდომა რასაკვირველია, არცერთ თეთრგვარდიელს არ აცდება. მარა ამას აპა ვინ შეუშინდა.
საკვირველი ხალხია [ბოლშევიკები], რამდენადაც იძულებული არიან ჩვენი მენშევიკების მეთოდით შეცვალონ თავიანთი ბუნტალური, იმდენათ უფრო და უფრო მკაცრათ გვეპყრობიან [ამ დროისათვის დამფუძნებელი კრების 20-მდე წევრი იყო დაპატიმრებული – რესპუბლიკა 100-ის ცნობა].
„Нам меншевизм, а меншевикам тюрма, мешевизм без меншевиков“ – აი ლენინის უკანასკნელი ლოზუნგი.
გარდაიცვალა საწყალი მიხა დარჩიაშვილი [ძველი სოციალ-დემოკრატი აქტივისტი – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა].
[1921 წლის 11 ივლისს ნაძალადევის კლუბში სტალინის გამოსვლისას, სოციალ-დემოკრატთა მიერ საბჭოთა ხელისუფლების საჯაროდ კრიტიკის გამო, 1921 წლის 13 ივლისს საბჭოთა საქართველოს “ჩეკამ” სილვა ჯიბლაძე, სოციალ-დემოკრატიული პარტიის სხვა ლიდერებთან – ისიდორე რამიშვილთან, ალექსანდრე ლომთათიძესთან და ალექსანდრე დგებუაძესთან – ერთად დააპატიმრა – რესპუბლიკა 100-ის შენიშვნა]
თქვენი სილვა