skip to content
ახალი ამბები

ოკუპირებულმა ცხინვალმა და აფხაზეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული ვაქცინები მიიღეს

ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონსა და აფხაზეთში 30 აპრილს კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო რუსული წარმოების ვაქცინა „სპუტნიკ ვ“-ს პირველი პარტია ჩაიტანეს. ოკუპირებულმა ცხინვალმა ვაქცინაცია 4 მაისს დაიწყო, აფხაზეთში კი – იმუნიზაციის პროცესი ჯერ არ დაწყებულა.

საინფორმაციო სააგენტო „რესის“ ცნობით, ცხინვალის ხელისუფლების გადაწყვეტილებით, ახლახან მიღებულ 2 000 დოზას პირველ ეტაპზე სამედიცინო პერსონალი და საგანმანათლებლო დაწესებულებებში დასაქმებულნი მიიღებენ.

სააგენტო „აფსნიპრესის“ ინფორმაციით, მიღებული 6 500 დოზისთვის სამედიცინო პერსონალი ასევე პრიორიტეტული ჯგუფია ოკუპირებულ აფხაზეთშიც, შემდეგ მოდიან – პედაგოგები, ძალოვნები, სამართალდამცველი ორგანოების თანამშრომლები, სახელმწიფო მოხელეები, შემდეგ კი – ყველა სხვა მსურველი.

ოფიციალურმა თბილისმა 30 მარტის გადაწყვეტილებით, იმუნიზაციის პროცესში ჩართვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მედიკოსებისა და 65 წელს ზევით პირებისთვისაც გახადა შესაძლებელი. თუმცა, ორივე რეგიონის ხელმძღვანელობამ შეთავაზებაზე უარი თქვა.

უფრო ადრე, 15 იანვრიდან, რუსეთმა კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაცია ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ თავის სამხედრო ბაზებზე დაიწყო.

ბოლო მონაცემებით, აფხაზეთში, სადაც 250 000-ზე ნაკლები მოსახლე ცხოვრობს, ჯამში ვირუსის 14 617 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 13 650 უკვე გამოჯანმრთელდა, 222 კი – გარდაიცვალა.

ოკუპირებულ ცხინვალში, რომლის მოსახლეობაც დაახლოებით 50 000-ია, არსებული მონაცემებით, კოვიდ-19-ის სულ 3 401 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 3 074 უკვე გამოჯანმრთელდა. გარდაცვლილთა შესახებ ბოლო ინფორმაცია ბოლოს იანვრის შუა რიცხვებში გამოქვეყნდა და ის „60-ზე მეტს“ შეადგენდა.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button