skip to content
ახალი ამბები

თბილისი ვაქცინაციას ოკუპირებული რეგიონების მედიკოსებისა და 65 წელს ზევით პირებსაც სთავაზობს 

შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის, თეა ახვლედიანის განცხადებით, კოვიდ-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინაციის პროცესში ჩართვა ოკუპირებული აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონში მცხოვრებ მედიკოსებსა და 65 წელს ზევით პირებსაც შეეძლებათ.

ეს იგივე პრიორიტეტული ჯგუფებია, რომელთაც მოცემული მომენტისთვის საქართველოში ვაქცინის საკუთარი დოზის მისაღებად რეგისტრაციის შესაძლებლობა აქვთ. ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინით იმუნიზაციის პროცესი 15 მარტიდან დაიწო, რასაც რამდენიმე დღეში „ფაიზერის“ ვაქცინის დოზები დაემატა. ამ დროისთვის ვაქცინის პირველი დოზა ჯამში 4 344-მა მოქალაქემ მიიღო, 11 273 კი – საკუთარ რიგს ელოდება.

ოკუპირებულ რეგიონებში ვაქცინაცია ამ დრომდე არ დაწყებულა. რუსეთმა 15 იანვარს იმუნიზაციის პროცესი აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში განთავსებულ მხოლოდ თავის სამხედრო ბაზებზე დაიწყო.

სააგენტო „რესის“ ცნობით, ოკუპირებულ ცხინვალში რუსული „სპუტნიკ ვ“ ვაქცინის 1 500 დოზას მარტის ბოლოს ელოდებიან. „აფსნიპრესის“ ინფორმაციით კი – აფხაზეთის ხელმძღვანელობამ რუსეთს „სპუტნიკის“ შესაძენად ჯერ კიდევ გასული წლის სექტემბერში მიმართა, თუმცა ოკუპირებულ რეგიონში ვაქცინის დოზები ამ დრომდე არ მიუღიათ.

29 მარტის მდგომარეობით, ოკუპირებულ აფხაზეთში კოვიდ-19-ის 13 385 შემთხვევაა დადასტურებული, მათგან 12 860 გამოჯანმრთელდა, 212 კი – გარდაიცვალა. რაც შეეხება ცხინვალის რეგიონს, აქ ვირუსის 3 296 დადასტურებული შემთხვევაა აღრიცხული, მათგან 2 898 უკვე გამოჯანმრთელდა. იანვრის შუა რიცხვების მონაცემებით, გარდაცვლილთა რაოდენობა „60-ზე მეტს“ შეადგენდა.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button