Placeholder canvas
ახალი ამბები

ოპოზიცია ევროკავშირის ახალ წინადადებას ოპტიმიზმით უყურებს, „ოცნება“ შეხვედრაზე არ მივიდა

საქართველოში არსებული პოლიტიკური კრიზისის გადასალახად ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ახალ დოკუმენტზე საუბრისას, ოპოზიციური პარტიების ლიდერები მიესალმნენ მასში „პოლიტპატიმრების“ – ერთიანი ნაციონალური მოძრაობის თავმჯდომარის, ნიკა მელიასა და „მთავარი არხის“ ერთ-ერთი მეწილის, გიორგი რურუას გათავისუფლების შესახებ ჩადებულ მექანიზმს. რაც შეეხება ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ შარლ მიშელის მიერ შემოთავაზებულ ვარიანტს, ლიდერებმა განსხვავებული მოსაზრებები გამოთქვეს.

დოკუმენტში, პრეზიდენტი მიშელი მხარეებს სთავაზობს, რომ იმ შემთხვევაში, თუკი 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქართული ოცნება ხმების 43%-ის მოგროვებას ვერ შეძლებს, იგი 2022 წელს ახალი არჩევნების დანიშვნის ვალდებულებას აიღებს.

საქართველოში აშშ-ისა და ევროკავშირის ელჩების ჩართულობით 18 აპრილს გამართული შეხვედრის დასრულების შემდეგ, ოპოზიციის ლიდერებმა ჟურნალისტებთან ახალი დოკუმენტის შესახებ დეტალებზე ისაუბრეს. დღევანდელ შეხვედრააზე მმართველი გუნდის წევრები არ მივიდნენ.

ერთიანი ნაციონალური მოძრაობის ერთ-ერთმა ლიდერმა, სალომე სამადაშვილი მიესალმა დოკუმენტში „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ „მკაფიო“ მექანიზმის შეტანას, თუმცა თქვა, რომ არის „პრობლემები გაკრევულ საკითხებთან მიმართებაში შემოთავაზებულ დოკუმენტში“. ამით სამადაშვილმა ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ დოკუმენტში არსებულ ჩანაწერზე მიუთითა და აღნიშნა, რომ ერთიან ნაციონალურ მოძრაობას საბოლოო პოზიციის ჩამოყალიბებამდე შიდაპარტიული კონსულტაციები  ექნება.

დოკუმენტზე ხელმოწერის გადაწყვეტილება სხვა ოპოზიციურმა პარტიებმაც უნდა მიიღონ, აგრეთვე ქართულმა ოცნებამაც, რომელმაც დოკუმენტის თავდაპირველ ვარიანტს მოაწერა ხელი. ქართულ ოცნებაში განაცხადეს, რომ მათ პრეზიდენტ შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენლის, ქრისტიან დანიელსონის მიერ 31 მარტს შემოთავაზებულ დოკუმენტს მოაწერეს ხელი და მოუწოდეს ოპოზიციას „დაამტკიცონ, რომ საკუთარ პარტიულ ინტერესებზე მაღლა სახელმწიფო ინტერესებს აყენებენ“.

განახლებული დოკუმენტის მიმართ უკმაყოფილება უფრო ღიად გამოხატა პარტიის კიდევ ერთმა წევრმა აკაკი მინაშვილმა და აღნიშნა, რომ ხელახალი არჩევნების დანიშვნის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე მიბმა „არ არის სწორი გზა“. მანვე აღნიშნა, რომ აღნიშნულის გათვალისწინებით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობისთვის დოკუმენტზე ხელმოწერა პრობლემური იქნება.

აღნიშნა რა, რომ „პოლიტპატიმრებთან“ მიმართებით ახალ დოკუმენტში „ძალიან კარგი პროგრესია“, ევროპული საქართველოს თავმჯდომარემ, გიგა ბოკერიამ აკაკი მინაშვილის მსგავსად, თქვა, რომ ხელახალი არჩევნების „თვითმმართველობის არჩევნებთან მიბმა არის მიუღებელი“. თუმცა, ბოკერიამ ხაზი გაუსვა, რომ საკითხზე პარტიის წევრებთან იმსჯელებენ.

ხაზი გაუსვა რა, რომ „დოკუმენტის შინაარსი მისაღები უნდა იყოს მეტნაკლებად ყველა მხარისთვის“, – სტრატეგია აღმაშენებლის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, რომ საკითხს პარტიის პოლიტსაბჭოზე განიხილავენ.

„ზოგადად, დოკუმენტი არ მომწონს. არ მჯერა, რომ ეს კრიზისიდან გამოიყვანს ქვეყანას“, – თქვა გირჩი-მეტი თავისუფლების ლიდერმა, ზურაბ ჯაფარიძემ. თუმცა, იგი „პოლიტიპატიმრების“ გათავისუფლების შესახებ დოკუმენტში არსებულ მექანიზმს მიესალმა.

პრეზიდენტ მიშელის მიერ შემოთავაზებულ დოკუმენტი „პოზიტიურად“ შეაფასა რესპუბლიკური პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, ხათუნა სამნიძემ და პარტიის სახელით მასზე ხელმოწერის მზაობა გამოხატა. „მაგრამ ამისთვის საჭიროა ხელისუფლების მზაობა, რომ შევთანხმდეთ“, – დაამატა მან.

ახალი პოლიტიკური ცენტრის გირჩის ლიდერმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა, რომელმაც მანამდე განაცხადა, რომ პარტიის ლიდერებმა პარლამენტში მისვლა გადაწყვიტეს, იმედი გამოთქვა, რომ ოპოზიციონერი ლიდერები კონსულტაციების შემდეგ „საღ აზრზე“ დაფუძნებულ გადაწყვეტილებებს მიიღებენ.

პარტია მოქალაქეების ლიდერი ალეკო ელისაშვილი რომელმაც ოპოზიციის საერთო ბოიკოტი კიდევ ერთ თანაგუნდელ ლევან იოსელიანთან ერთად პირველმა შეწყვიტა და პარლამენტში შევიდა, მიესალმა ახალ დოკუმენტს და თქვა, რომ წინადადება შეიცავს ნიკა მელიასა და გიორგი რურუას გათავისუფლების „ძალიან კონკრეტულ“ მექანიზმებს. მისივე თქმით, დოკუმენტში არის „ძალიან სერიოზული“ ჩანაწერები მართლმსაჯულებისა და საარჩევნო სისტემების რეფორმასთან დაკავშრებით.

ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა მედიას უთხრა, რომ პრეზიდენტ მიშელის მიერ განახლებული დოკუმენტი „დაბალანსებული და რეალისტურია“. მანვე ხაზი გაუსვა, რომ „[ქვეყანაში არსებული] პოლიტიკური კრიზისის დაძლევა“ პოლიტიკურ პარტიებზეა დამოკიდებული.

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა, შარლ მიშელმა მხარეებს განახლებული წინადადება მას შემდეგ წარუდგინა, რაც მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში წინა დოკუმენტის ხელმოწერაზე უარი განაცხადეს. ოპოზიციაში აცხადებდნენ, რომ ძველ ვერსიაში „პოლიტპატიმრების“ გათავისუფლებისა და ახალი არჩევნების დანიშვნის შესახებ მკაფიო ჩანაწერი არ იყო.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button