რესპუბლიკის ამბები

ჟორდანია, ჩხეიძე, გეგეჭკორი და რამიშვილი ევროპულ სოციალისტურ პარტიებსა და პროფკავშირებს მიმართავენ

ჟურნ. თავისუფალი საქართველო, 1921 წლის 15 მაისი, N1, კონსტანტინეპოლი/პარიზი

მიმართვა სოციალისტურ პარტიებსა და მუშათა ორგანიზაციებისადმი

საქართველოს მთავრობამ და დამფუძნებელ კრების თავმჯდომარემ კ. ჩხეიძემ ცალკე წერილით მიმართეს ევროპის მუშათა ორგანიზაციებსა და სოციალისტურ პარტიებს ბოლშევიკური რუსეთის მიერ საქართველოს დამპყრობის გამო.

მიმართვაში დაწვრილებით აღნუსხულია ისტორია საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკასა და საბჭოთა რუსეთს შორის დამოკიდებულებისა 7 მაისის ხელშეკრულების შემდეგ. იქ ფაქტებით და დოკუმენტების აღნუსხვით დამტკიცებულია, თუ როგორი უღირსი საშუალებით და რანაირი ცნობიერებით იბრძოდა მოსკოვი პატარა საქართველოს დასამხობათ. მისი მიზანი იყო ხელშეკრულება გამოეყენებია საქართველოში აჯანყებისა და შინაური გადატრიალების მოსაწყობათ. მაგრამ როცა ეს არ გაუვიდათ და აშკარათ დაინახეს ქართველი მუშისა და გლეხის თავდადება რესპუბლიკის დასაცავათ, გადაწყვიტეს წითელ-არმიელთა საშუალებით საქართველოს დაპყრობა.

უხეშმა ძალამ გაიმარჯვა!..

„მარა – სწერია მიმართვაში – ძალმომრეობა და ხიშტი ვერ გასტეხს სულიერათ თავისუფლების მოყვარულ ხალხს. საქართველო, რომელმაც ამდენი ენერგია გამოიჩინა ცარიზმთან ბრძოლაში, კიდევ უფრო მეტი ენერგიით იბრძოლებს თავის ახლანდელ დამონავებულათ წინააღმდეგ, რომელნიც ნიკოლოზ მე-II-ს დამქაშებზე უფრო დაუნდობელნი და ცბიერნი არიან. მრავალ საუკუნიან ისტორიის მქონე საქართველო შესძლებს კვლავ დაიბრუნოს თავისი დამოუკიდებლობა და განაგრძოს თავისი ისტორიული მისიის სამსახური, რომელიც შეაჩერა ბოლშევიზმის შემოჭრამ“.

„თქვენო – მიმართავენ ავტორები სოციალისტებს – ყოველთვის მკაცრათ გმობდით დაპყრობით ომებს. განა ნაკლები გაკიცხვის ღირსნი არიან საქართველოსთან ომის ამტეხნი იმიტომ, რომ თავის იმპერიალიზმს ისინი ხელს აფარებენ კომუნიზმის სახელით?

ჩვენ ველით თქვენგან, რომ დაგმობთ ჩვენი ქვეყნის შემავიწროებელთ და ღირსეულათ დააფასებთ იმათ პირმომთნეობას, ვინც ხიშტებით სარგებლობს სოციალისტური იდეების „გასაქრობათ“ და ვინც იმავე ხიშტებით საკუთარ იდეებს „ავრცელებს“.

აღვიმაღლეთ, ამხანაგებო, ხმა და მოსთხოვეთ მოსკოვის მთავრობას: რომ

ა) მათ გაიყვანონ საქართველოდან თავისი ჯარები.

ბ)  მისცენ საქართველოს ხალხს საშვალება თავისი ბედი თითონვე განაგოს და თავისუფლათ მოაწყოს თავისი ცხოვრება და სახელმწიფო!

ხელს აწერენ: ნოე ჟორდანია, კარლო ჩხეიძე, ევგენი გეგეჭკორი და ნოე რამიშვილი.

მსგავსი/Related

Back to top button