skip to content
რესპუბლიკის ამბები

მარტი, 1921: საბჭოთა ხელისუფლებამ დამფუძნებელი კრების წევრი სიმონ ახმეტელაშვილი დააპატიმრა

წყარო: ირაკლი ხვადაგიანი, საქართველოს დამფუძნებელი კრება 1919, Sovlab, 2016.

საბჭოთა ხელისუფლებამ ოკუპაციის შემდეგ მალევე დააპატიმრა დამფუძნებელი კრების წევრი სოციალ-დემოკრატი სიმონ (სიკო) ახმეტელაშვილი (ახმეტელი), რომელსაც 1921 წლის თებერვალში წითელ არმიასთან ბრძოლისას  ტყვედ ჩავარდნილ ძმასთან გენერალ სტეფანე ახმეტელაშვილთა ერთად, რიაზანის ტყვეთა საკონცენტრაციო ბანაკში გადასახლება მიუსაჯეს. საქართველოს ჯარების კახეთის დანაყოფების ყოფილი მეთაური გენერალი ახმეტელაშვილი გადასახლებაში დაიღუპა ტიფით, ხოლო სიმონ ახმეტელაშვილი 6 თვის შემდეგ საკონცენტრაციო ბანაკიდან გაათავისუფლეს, თუმცა 1922 წლის აგვისტოში კვლავ დააპატიმრეს. სიმონ ახმეტელაშვილი მუდმივად ჩართული იყო ანტისაბჭოთა წინააღმდეგობის მოძრაობაში, რის გამოც იდევნებოდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ. 1922 წლის დეკემბერში სხვა თანაპარტიელებთან – პოლიტიკურ პატიმრებთან ერთად სიმონ ახმეტელაშვილი  არხანგელსკის საკონცენტრაციო ბანაკში მოათავსეს. პატიმრობის ვადის მრავალჯერ გახანგრძლივების შემდეგ გათავისუფლებული სიკო 1930-1937 წლებში ცხოვრობდა თბილისში, 1937 წლის დეკემბერში კი ე. წ. „ტროიკის“ გადაწყვეტილებით დახვრიტეს.

შენიშვნა: სიმონ და სტეფანე ახმეტელაშვილების ძმები იყვნენ – ვლადიმერ ახმეტელაშვილი, ამიერკავკასიის სეიმის, საქართველოს ეროვნული საბჭოსა და დამფუძნებელი კრების წევრი, გერმანიაში საქართველოს დიპლომატიური წარმომადგენელი ვლადიმერ (ლადო) ახმეტელაშვილი (ახმეტელი) და სიღნაღის სამაზრო ერობის გამგეობის თავმჯდომარე მათე ახმეტელაშვილი (ახმეტელი). ლადო ახმეტელი ოკუპაციის შემდეგ გერმანიაში დარჩა და იქვე გარდაიცვალა, ხოლო მათე ახმეტელაშვილი 1920-იან წლებში განიცდიდა საბჭოთა ხელისუფლების მიერ დევნას, შემდგომ კი ჩამოშორდა პოლიტიკურ საქმიანობას.  

მსგავსი/Related

Back to top button