Placeholder canvas
ახალი ამბები

აშშ-ის საელჩო ფარული ჩანაწერების საქმეს ეხმიანება

აშშ-ის საელჩომ საქართველოში 12 მარტს განაცხადა, რომ „ტელეკომპანია პირველის“ მიერ გამოქვეყნებულ ფარულ ჩანაწერებზე დაწყებული გამოძიების „პრიორიტეტად უნდა დარჩეს კანონის უზენაესობის დაბალანსებული, მიუკერძოებელი გამოყენება და მედიის თავისუფლების ფუნდამენტური პრინციპი – ჟურნალისტების უფლება, დაიცვან თავიანთი წყაროები“.

„საიდუმლო ჩანაწერები, ისევე როგორც დაშინება ან დევნა არის უკანონო და დასაგმობი და გამოძიებული უნდა იქნას კანონის შესაბამისად“, – განაცხადა საელჩომ, რითაც ტელევიზიით ცოტა ხნის წინ გავრცელებულ აუდიოჩანაწერებზე მიუთითა, რომლებშიც ისმის, რომ ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟი ბერა ივანიშვილი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის მოქმედ უფროს ანზორ ჩუბინიძესთან და პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთან იმ ახალგაზრდების დაშინებისა და დასჯის საკითხს განიხილავს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს.

საელჩოს განცხადებით, სასამართლო სისტემა უნდა მუშაობდეს „სამართლიანად და მიუკერძოებლად და არ უნდა იქნას ბოროტად გამოყენებული პოლიტიკური მიზნების მისაღწევად შერჩევითი სამართლებრივი დევნის გზით“.

საელჩო ყურადღებით აკვირდება „ტელეკომპანია პირველის“ გარშემო განვითარებულ მოვლენებს და მოუწოდებს „ყველა ჩართულ მხარეს პროფესიონალურად და თავშეკავებით მიუდგნენ ამ სიტუაციას“.

ამბის წინაისტორია

თბილისის საქალაქო სასამართლომ პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ 6 მარტს ეთერში გასული ფარული ჩანაწერების საქმეზე კონფიდენციალური წყაროს მიერ ტელევიზიისთვის გადაცემული „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის“, აგრეთვე იმ კონვერტის/შეფუთვის ამოღების უფლება მისცა, რომელშიც ეს მოწყობილობა იყო მოთავსებული. წყაროს დაცვის შესახებ ჟურნალისტის უფლების დარღვევის გამო სასამართლოს გადაწყვეტილება არასამთავრობო სექტორმა და ომბუდსმენის აპარატმა გააკრიტიკეს.

მოგვიანებით, პროკურატურაში განმარტეს, რომ ტელეკომპანიაში „შეჭრას“ და მასალების ძალის გამოყენებით ამოღებას არ გეგმავენ. უწყებაში წყაროს დაცვისა და გაუთქმელობის შესახებ ჟურნალისტების უფლებასაც გაუსვეს ხაზი, თუმცა ტელეკომპანიის მხრიდან თანამშრომლობის იმედი მაინც გამოთქვეს.

ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button