skip to content
ახალი ამბები

ფარული ჩანაწერები: არასამთავრობოები საშიშ პრეცედენტს გმობენ, „ტვ პირველი“ დიპლომატებს მიმართავს

არასამთავრობო ორგანიზაციებმა და სახალხო დამცველის აპარატმა დღეს გააკრიტიკეს თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, რომლითაც პროკურატურას „ტელეკომპანია პირველიდან“ ფარული ჩანაწერების საქმეზე მასალების ამოღების უფლება მისცა.

„საერთაშორისო გამჭვირვალობა-საქართველომ“ სასამართლოს განჩინება „საშიშ პრეცედენტად“ შეაფასა და განაცხადა, რომ ეს „ეწინააღმდეგება საქართველოს და საერთაშორისო სამართლით დადგენილ გამოხატვის თავისუფლებისა და კონფიდენციალური წყაროს გარანტიებს“.

საქართველოს სახალხო დამცველმა ასევე დაგმო სასამართლოს „დაუსაბუთებელი“ გადაწყვეტილება, რომელიც „ეწინააღმდეგება საქართველოს კანონმდებლობასა და ადამიანის უფლებათა ევროპულ სამართალს“ და განმარტა, რომ ეს „მძიმე პრეცედენტია“, რომლის აღსრულებამ, შესაძლოა, „სერიოზულად შეაფერხოს ჟურნალისტთა მიერ საქმიანობის თავისუფლად განხორციელება“.

კოალიციამ მედიის ადვოკატირებისთვის, რომელიც 10-ზე მეტ არასამთავრობო ორგანიზაციას აერთანებს, მოუწოდა საერთაშორისო პარტნიორებს „განსაკუთრებული ყურადღება დაუთმონ საქართველოში მედიის წინააღმდეგ წარმოებულ კამპანიას, რომელსაც სამწუხაროდ, სწორედ სახელმწიფო ინსტიტუტები და მაღალი თანამდებობის პირები ახალისებენ“.

„ტელეკომპანია პირველის“ განცხადება

„ტელეკომპანია პირველმა“ განაცხადა, რომ საქმეს სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ტელევიზია აღსრულების შეჩერების დროებითი ღონისძიების გამოყენების მოთხოვნით არც სტრასბურგის სასამართლოსადმი მიმართვას გამორიცხავს.

დიპლომატიური კორპუსის წევრებს სწრაფი „რეაქციისა“ და „რეაგირებისკენ“ მოუწოდა „ტელეკომპანია პირველის“ დამფუძნებელმა, ვატო წერეთელმა. „ამ ისტერიას მხოლოდ თქვენ თუ შეაჩერებთ“, – მიმართა მან დიპლომატებს.

„ეს არის დღეს, ქართული ოცნების დღის წესრიგი, რომ შემოვიდნენ და ტელეკომპანია პირველი აღარ იყოს ამ ქვეყანაში და აღარ იმაუწყებლოს“, – დაამატა მან.

პროკურატურის გამოხმაურება

პროკურატურა უარყოფს ტელეკომპანიაში „შეჭრის“ გეგმის შესახებ „გავრცელებულ ინფორმაციას“ და განმარტავს, რომ ეს არის „სიცრუე“, რომელიც „ემსახურება საზოგადოების მიზანმიმართულად შეცდომაში შეყვანას“.

საგამოძიებო უწყებაში აღნიშნავენ, რომ „სასამართლოს მიერ გაცემულია მხოლოდ კონკრეტული ელექტრონული ინფორმაციის მატარებელი მოწყობილობის ამოღების და არა ტელეკომპანიის ოფისის ჩხრეკის განჩინება“.

მიუხედავად ჟურნალისტების უფლებისა, რომ „არ გადასცენ გამოძიებას საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის შემცველი საგანი [თუ] დოკუმენტი“, პროკურატურა იმედოვნებს, რომ ყველა საჭირო საგამოძიებო მოქმედების ჩატარების უზრუნველსაყოფად, „ტელეკომპანია პირველი“ საგამოძიებო უწყებასთან ითანამშრომლებს და მათ ხელთ არსებულ ფარულ ჩანაწერებსა და „ელექტრონული ინფორმაციის მატარებელ მოწყობილობას“ წარუდგენს.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button