skip to content
ახალი ამბები

ბერა ივანიშვილი: ოჯახის შეურაცხმყოფელთ „პასუხს დღესაც მოვთხოვ“

ტელეკომპანია „იმედმა“ 9 მარტს ქართული ოცნების დამფუძნებლის, ბიძინა ივანიშვილის ვაჟთან, ბერა ივანიშვილთან ექსკლუზიური ინტერვიუ გადმოსცა. ივანიშვილმა ცოტა ხნის წინ ტელევიზიით გავრცელებული ფარული ჩანაწერების ნამდვილობა არ უარყო და თქვა, რომ საუბარი 2011 წლის ზაფხულშია ჩაწერილი. ბერა ივანიშვილს მისი ოჯახისა და დედის შეურაცხყოფისთვის ახალგაზრდების დასჯის განზრახვის გამო სინანული არ გამოუხატავს.

„მე ასეთ ადამიანს აუცილებლად პასუხს მოვთხოვ დღესაც“, – მან და დაამატა – „ერთი ვაჟკაცი, ერთი ქართველი კაცი მაჩვენებს, ვინც ამ საკითხზე სხვა აზრის არის“.

ეს ბერა ივანიშვილის პირველი გამოხმაურება იყო ფარულ ჩანაწერებზე, რომლებშიც ისმის, რომ იგი სახელმწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის ამჟამინდელ უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს იმ ახალგაზრდების დამცირებას, დაშინებასა და დასჯას სთხოვს, რომელთაც ინტერნეტში ივანიშვილების ოჯახის შეურაცხმყოფელი კომენტარები დაწერეს. ჩანაწერების მიხედვით, იგი ამ თემაზე ამჟამინდელ პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილთანაც საუბრობს, რომელიც ამ ქმედებებს იწონებს და ახალისებს.

ბერა ივანიშვილის მტკიცებით, ჩანაწერი 2011 წელს, ბიძინა ივანიშვილის პოლიტიკაში მოსვლის გადაწყვეტილებამდე რამდენიმე თვით ადრეა გაკეთებული. მისივე თქმით, ის და მისი არასრულწლოვანი თაყვანისმცემლები სოციალურ ქსელში მასობრივი შეურაცხმყოფელი თავდასხმის ობიექტები იყვნენ.

მისივე თქმით, აღნიშნულის შესახებ ოჯახის დაცვის სამსახურს აცნობეს, რომელსაც მაშიც ანზორ ჩუბინიძე ხელმძღვანელობდა, რომელმაც „ყველა კანონის, ეთიკისა, თუ მორალის დაცვით მოინახულა ეს ადამიანები“.

„იქ, იმ ჩანაწერებშიც გარკვევით ისმის, რომ როდესაც საუბარი მიდის არასრულწლოვან ადამიანზე, ამ საუბარს ესწრებიან მისი მშობლები, უფროსი მეზობლები“, – განმარტა ბერა ივანიშვილმა და დასძინა, რომ „ეს იყო მხოლოდ და მხოლოდ სიტყვიერი გაფრთხილება თუ დარიგება“.

ბერა ივანიშვილის თქმით, ჩანაწერების მიზანი, რომელიც ერთიანი ნაციონალური მოძრაობის მმართველობის პერიოდში გაკეთდა, ივანიშვილების ოჯახის „პროვოკაციაზე წამოგება“ იყო. მანვე ყოფილი ხელისუფლება „ტოტალურ, უკანონო“ მოსმენებშიც დაადანაშაულა.

„ეს თუ იყო 2017 წელს გაკეთებული ჩანაწერი, ნიშნავს, რომ ქართული ოცნება უსმენს მის პრემიერ-მინისტრს, უსმენს ანზორ ჩუბინიძეს, მისმენს მე, შემდგომ ამ ჩანაწერებს აწვდის ოპოზიციურ არხებს, ოღონდ თარიღი არ იცის, როდის გვისმენს“, – თქვა ბერა ივანიშვილმა.

ამბის წინაისტორია

გუშინვე, ბერა ივანიშვილის ინტერვიუმდე ცოტა ხნით ადრე, ტელეკომპანია „იმედმა“ მაყურებელს სახელწიფო დაცვის სპეციალური სამსახურის უფროსის, ანზორ ჩუბინიძესთან ინტერვიუც შესთავაზა, სადაც იგი ამბობს, რომ გავრცელებულ „მოდელირებულ“ ჩანაწერში წარმოდგენილი საუბარი, 2010 წლის ბოლოს და 2011 წლის დასაწყისის არის, როდესაც ბერა ივანიშვილის მისამართით „მუქარის შემცველი და პროვოკაციული განცხადებები“ გავრცელდა.

მანვე აღნიშნა, რომ იგი სოციალურ ქსელში გავრცელებული მუქარის უკან მდგომი ახალგაზრდების ჯგუფიდან ერთ-ერთს, მეზობლების თანდასწრებით, „კეთილსაიმედო“ გარემოში ესაუბრა და მას შემდეგ, რაც დარწმუნდა, რომ მუქარას მომავალში რაიმე ქმედითი გაგრძელება არ ექნებოდა, მასთან საუბარი დაასრულა და ადგილი დატოვა.

„ტელეკომპანია პირველმა“ ფარული ჩანაწერები 6 მარტს გაავრცელა და აღნიშნა, რომ ჩანაწერი, შესაძლოა 2016-2017 წლების ყოფილიყო. ამის ერთ-ერთ წინაპირობად ტელეკომპანიამ ჩანაწერის რამდენიმე დეტალი დაასახელა, მათ შორის არის ერთ-ერთი პირის ასაკი, რომელსაც ანზორ ჩუბინიძემ მიაკითხა. აგრეთვე, ჩანაწერში ისმის, რომ ბერა ივანიშვილი ირაკლი ღარიბაშვილს იმ მინისტრებზე ესაუბრება, რომლებიც მას ურეკავენ.

ფარულ ჩანაწერებზე პროკურატურამ გამოძიება 9 მარტს „უნებართვო ჩაწერის“, ასევე „ინფორმაციის უკანონოდ გამოყენებისა და გავრცელების ფაქტებზე“ დაიწყო. მმართველი გუნდის წევრების მტკიცებით, ჩანაწერებიდან ირაკლი ღარიბაშვილისა და ანზორ ჩუბინიძის ქმედებებში დანაშაულის ნიშნები არ იკვეთება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button