skip to content
ახალი ამბები

ევროკავშირის ტერიტორიაზე დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს 10 თებერვლის განცხადებით, ქართველი სამართალდამცველების ჩართულობით 9 თებერვალს ევროკავშირის ტერიტორიაზე სხვადასხვა დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი საქართველოს 45 მოქალაქე დააკავეს.

უწყების განცხადებით, იტალიელი, ფრანგი და ქართველი სამართალდამცველებისა და ინტერპოლის თანამშრომლობით, ორი სპეცოპერაცია ჩატარდა. პირველის ფარგლებში, იტალიის ტერიტორიაზე 23, პოლონეთში – 2, საბერძნეთში, ბელგიასა და სლოვენიაში საქართველოს 1-1 მოქალაქე, მეორე სპეცოპერაციისას კი – საფრანგეთში საქართველოს 17 მოქალაქე დააკავეს.

შსს-ს ცნობით, პირველი დანაშაულებრივი ჯგუფის წევრები ჩრდილოეთ იტალიაში ბინებს ქურდავდნენ და მოპარულ ნივთების გაყიდვიდან მიღებული თანხით იტალიის ტერიტორიაზე ლეგალური ბიზნესსაქმიანობის დაწყებას ცდილობდნენ. გამოძიება მათ კრიმინალური დაჯგუფების ჩამოყალიბებას, ქურდობასა და ფულის გათეთრებას ედავება, რაც 7 წლამდე თავისუფლების აღკვეთას გულისხმობს.

საფრანგეთში დაკავებული მეორე დანაშაულებრივი დაჯგუფების წევრების მიმართ გამოძიება, ორგანიზებული ჯგუფის მიერ მაღაზიების არაერთგზის გაქურდვის, ორგანიზებულ დანაშაულებრივ დაჯგუფებაში მონაწილეობის, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა/გასაღებისა და კონტრაბანდული თამბაქოს ნაწარმით უკანონო ვაჭრობის მუხლებით მიმდინარეობს. დაკავებულებს 10 წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა და 375 000 ევროს ოდენობის ჯარიმის გადახდა ემუქრებათ.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button