რესპუბლიკის ამბები

ევგენი გეგეჭკორი საფრანგეთის პრემიერ მინისტრს შეხვდა

გაზ. საქართველოს რესპუბლიკა, 1920 წელის 2 ნოემბერი, N248

ე. პ. გეგეჭკორი საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარე ბ- ლეიგთან

სექტემბრის 31, საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარემ, საგარეო საქმეთა მინისტრმა ბ-მა ლეიგმა სადარბაზოდ მიიღო ევგენი გეგეჭკორი.

გეგეჭკორმა გადასცა ბატონ ლეიგს წერილი ნოე ჟორდანიასი, რომელშიაც საქართველოს მტავრობის თავმჯდომარე აღნიშნავს ქართველი ერის მეგობრულ გრძნობებს საფრანგეთის რესპუბლიკისადმი და გამოსთქვამს მტკიცე იმედს, რომ საფრანგეთის მთავრობა დაეხმარება საქართველოს რესპუბლიკის მიერ თავისუფლებისა და დამოუკიდებელ არსებობისათვის წარმოებულ მძიმე ბრძოლაში.

ბ-ნმა ლეიგმა უპასუხა, რომ ის დიდად მოხარულია, რადგან მას საშუალება ეძლევა კავშირი იქონიოს საფრანგეთის მთავრობის სახელით საქართველოს ნორჩ რესპუბლიკასთან, მით უმეტეს, რომ საფრანგეთი დიდი ინტერესითა და ცხოველი თანაგრძნობით ადევნებს თვალყურს იმ სახელმწიფოებრივ აღმშენებლობის საქმეს, რომელიც ასეთი ჩინებული წარმატებით მოჰყავს სისრულეში ქართველ ხალხს და მის ახალგაზრდა რესპუბლიკის მთავრობას.

საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარემ აღნიშნა, რომ მისთვის განსაკუთრებით სასიამოვნოა პირადი დამოკიდებულების დამყარება ევგენი გეგეჭკორთან, რომლის შესახებაც მას დიდი ხანია სასიამოვნო ცნობები აქვს, როგორც მისი მოღვაწეობიდან საქართველოს კეთილ დღეობისათვის, აგრეთვე იმ თანაგრძნობიდან, რომელსაც ევგენი გეგეჭკორი, როგორც საგარეო საქმეთა მინისტრი საქართველოს რესპუბლიკისა იჩენდა ფრანგ მოქალაქეთა მიმართ.

ევგენი გეგეჭკორმა განაცხადა, რომ მას იმედი აქვს დახმარებისა საფრანგეთის მთავრობის მხრივ საქართველოს დემოკრატიულ რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულათ ცნობის საქმეში, ვინაიდან გარეშე ამ აქტისა წარმოუდგენელია სასურველი კავშირის აღდგენა დასავლეთ ევროპისა და საქართველოს შორის.

ბ-ნმა ლეიგმა განაცხადა, რომ საქართველოს დამოუკიდებლობის ცნობის საკითხი, მასში არავითარ რყევას და ეჭვს არ იწვევს. მიზანი დასახული საქართველოს რესპუბლიკის მიერ უნდა მიღწეულ იქმნას და ამ საქმეში საფრანგეთის მთავრობა გაუწევს მას სრულ დახმარებას. საქართველოს რესპუბლიკის დამოუკიდებლობის იურიდიულად ცნობა, ყველა დიდ სახელმწიფოთა მეირ, დააგვირგვინებს საფრანგეთის საგარეო პოლიტიკას საქართველოს საკითხში.

ევგენი გეგეჭკორმა გულითადი მადლობა გადაუხადა საფრანგეთის მთავრობის თავმჯდომარეს იმ თანაგრძნობისათვის, რომელსაც ის იჩენს საქართველოსადმი.

მეორე დღეს ევგენი გეგეჭკორი მიიღო საფრანგეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს პოლიტიკური დეპარტამენტის დირექტორმა, ბატონმა ბერტელომ, რომელთანაც მას ხანგრძლივი ბაასი ჰქონდა.

მსგავსი/Related

Back to top button