skip to content
ახალი ამბები

„ქართული ოცნებისა“ და ოპოზიციის კანდიდატები მერების რიგგარეშე არჩევნებში  

31 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნების პარალელურად საქართველოს ხუთი მუნიციპალიტეტის – ქუთაისის, თერჯოლის, ხარაგაულის, ონის, კასპის – მერების რიგგარეშე არჩევნები გაიმართება. მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ ხუთივე მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატები უკვე წარადგინა, თავისი რჩეულები დაასახელა რამდენიმე ოპოზიციურმა პარტიამ, თუმცა პროცესი ჯერ დასრულებული არ არის.

ქუთაისში – „ქართული ოცნებიდან“ იმერეთის გუბერნატორის პირველი მოადგილე – იოსებ ხახალეიშვილია წარდგენილი; „ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან“ –  ქუთაისის საკრებულოს წევრი გრიგოლ შუშანია; „ევროპული საქართველოდან“ – ქუთაისის საკრებულოს წევრი ამირან ძოწენიძე; „თავისუფალი საქართველოდან“ – გაგა გოგრიჭიანი.

თერჯოლაში – „ქართული ოცნებიდან“ თერჯოლის მერის მოვალეობის შემსრულებელი ლაშა გოგიაშვილი იბრძოლებს; „ევროპული საქართველოდან“ კი –  როლანდი მესხი.

ხარაგაულის მერობისთვის „ქართული ოცნებიდან“ პარლამენტის დეპუტატი კობა ლურსმანაშვილი იბრძოლებს; „ნაციონალური მოძრაობიდან“ ხარაგაულის საკრებულოს წევრი – თორნიკე ავალიშვილი.

ონში – „ქართული ოცნებიდან“ – ონის მერის მოვალეობის შემსრულებელი დავით ჩიკვაიძე; „ნაციონალური მოძრაობიდან“ – ონის საკრებულოს წევრი ნოდარ ბურდილაძე.

კასპში – „ქართული ოცნებიდან“ სახელმწიფო აუდიტის სამსახურის საფინანსო და ლოჯისტიკის დეპარტამენტის უფროსი ვახტანგ მაისურაძე; „ნაციონალური მოძრაობიდან“ – კასპის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე ნუგზარ ნონიაშვილი; „ევროპული საქართველოდან“ – გიორგი ხელაშვილი.

ხუთ ქალაქში რიგგარეშე არჩევნების ჩატარების საჭიროება აღნიშნული მუნიციპალიტეტების მერების მიერ თანამდებობების ვადაზე ადრე დატოვებამ დააყენა. 11 მარტს თანამდებობიდან კასპის მერი მანუჩარ მერებაშვილი გადადგა, 1 აპრილს – თერჯოლის მუნიციპალიტეტის მერი ბონდო სოფრომაძე, 5 აპრილს ონის მუნიციპალიტეტის მერი ემზარ საბანაძე, 8 აპრილს თანამდებობა დატოვა ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ დატოვა, ხოლო 13 ივლისს – ხარაგაულის მერმა ნიკოლოზ თოფურიძემ.

მერების გადადგომის სერიაში მოჰყვა ბათუმის თავკაცი ლაშა კომახიძეც, რომელმაც პოსტი 16 ივლისს დატოვა; თუმცა, ზემოაღნიშნული 5 მუნიციპალიტეტისაგან განსხვავებით, აჭარის მთავარ ქალაქში რიგგარეშე არჩევნები არ ჩატარდება. ბათუმელებს ახალი მერის არჩევა 2021 წლის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებისას მოუწევთ: საარჩევნო კოდექსის მიხედვით, მერის რიგგარეშე არჩევნები ოქტომბერში იმ შემთხვევაში ტარდება, თუ მერმა თანამდებობა 15 თებერვლიდან 15 ივლისამდე დატოვა, ხოლო თუ უფლებამოსილება 15 ივლისიდან 15 თებერვლამდე შეუწყდა, არჩევნები მომდევნო წლის მაისის თვეში იმართება. ამასთან, კანონის მიხედვით, რაკი 2021 წელი ისედაც ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების წელია, რიგგარეშე არჩევნები ბათუმში არ გაიმართება.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button