skip to content
ახალი ამბები

საქართველო Freedom House-ის დეტალურ ანგარიშში

საერთაშორისო ორგანიზაცია Freedom House-მა გამოაქვეყნა „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2020“-ის დეტალური ანგარიში საქართველოს შესახებ, რომელშიც ხაზგასმულია, რომ „უკანასკნელი რამდენიმე წლის მანძილზე, საქართველომ ვერ შეძლო დემოკრატიული სტრუქტურების კონსოლიდაცია, რადგანაც ძირითადი გამოწვევები ან მიუხედავი დარჩა, ან კიდევ უფრო გამძაფრდა“.

6 მაისს გამოქვეყნებული „გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2020“ წინასწარი კვლევის შეფასების თანახმად, საქართველოს საერთო დემოკრატიულობას მიენიჭა ქულა 3.25, წინა წლის შედეგზე, 3.29-ზე ნაკლები. რეიტინგი წარმოდენილია 1-დან 7-მდე შკალაზე, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე მაღალი.

საერთო დემოკრატიული ქულა სხვადასხვა კატეგორიების რეიტინგის საშუალო მაჩვენებელია. ეს კატეგორიები მოიცავს ეროვნულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემასა და კორუფციას. 2020 წლის ანგარიშის მიხედვით, საქართველოს სასამართლო სისტემის რეიტინგი წინა წლის 3.00-დან 2.75-მდე შემცირდა, რამაც გამოიწვია საერთო დემოკრატიულობის ქულის 0.04-ით შემცირება.

ცოტა ხნის წინ გამოქვეყნებული ნარატიული ანგარიში საქართველოს შესახებ აღწერს 2019 წლის განმავლობაში მომხდარ სხვადასხვა პოლიტიკურ პრობლემასა და ძირითად ნაკლოვანებებს.

ანგარიშის მიხედვით „პოლიტიკისა და მედია სივრცის პოლარიზაცია და რადიკალიზაცია გახდა ქართული პოლიტიკური ცხოვრების ახალი ნორმა. მთავრობის პოლიტიკით იმედგაცრუებული მოქალაქეების რაოდენობა იზრდება, თუმცა მათ ჯერ კიდევ სუსტ და დანაწევრებულ ოპოზიციის პარტიებთანაც ვერ უპოვიათ პოლიტიკური თავშესაფარი“.

Freedom House 2019 წლის საანგარიშო პერიოდში ივნისის აქციების დაშლას აფასებს ყველაზე დიდ დარტყმად საქართველოს დემოკრატიული განვითარებისათვის და აღნიშნავს, რომ „20-21 ივნისის პროტესტებმა ცხადად წარმოაჩინა საქართველოს საგარეო პოლიტიკას და შიდა პოლიტიკური პროცესებს შორის მჭიდრო კავშირი“. ორგანიზაცია მიიჩნევს, რომ ქართული ოცნების მიერ რუსეთთან ურთიერთობის ნორმალიზაციის მცდელობამ 2019 წელში უკუშედეგი გამოიღო, რამაც კრემლის წინააღმდეგ პროტესტები გამოიწვია.

ორგანიზაცია 2019 წლის ძირითად ნაკლოვანებებად აფასებს პროპორციული საარჩევნო სისტემის ჩავარდნას, პოლიტიკურ პოლარიზაციას, უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნის პროცესს და რამდენიმე სკანდალურ სასამართლო საქმეს, მათ შორის TBC ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძისადმი ფულის გათეთრების თაობაზე წაყენებულ ბრალს.

„შემოდგომის საპარლამენტო არჩევნების გათვალისწინებით, 2020 იქნება საქართველოს დემოკრატიისთვის გადამწყვეტი წელი. თუ ქვეყანა კვლავ ვერ მოახერხებს არჩევნების ხარისხის გაუმჯობესებას, ინერციული ჰიბრიდული რეჟიმი უფრო გამყარდება, რაც იქნება ნეგატიური ნიშანი საქართველოს ევროპული ამბიციებისთვის. ეს წელი ასევე იქნება გადამწყვეტი პოლიტიკური ლანდშაფტის რეფორმირებისთვის,“ – ნათქვამია განცხადებაში.

ქვემოთ შეგიძლიათ იხილოთ ძირითადი დეტალები იმ კატეგორიებიდან, რომლებიც საერთო დემოკრატიულ ქულას ქმნის.

სასამართლო სისტემისა და მისი დამოუკიდებლობის ქულა 2019 წელს, წინა წლის 3.00-დან 2.75-მდე შემცირდა. Freedom House ამბობს, რომ „2019 წელს საქართველოს სასამართლო სისტემაში დომინირებდა სკანდალური სასამართლო საქმეები, ივნისის დემონსტრანტებზე ძალადობა პოლიციის მიერ და უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების შერჩევის პოლიტიკურად დატვირთული პროცესი“. ანგარიშის მიხედვით, TBC ბანკის ყოფილი ხელმღძვანელების მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის, ასევე ტვ პირველის დირექტორის მამის, ავთანდილ წერეთელისადმი წაყენებულმა ფულის გათეთრების ბრალდებამ „გააჩინა კითხვები სასამართლოს დამოუკიდებლობის თაობაზე და შერჩევითი სამართლის არსებობის თვალსაჩინო მტკიცებულება“. Freedom House მიიჩნევს, რომ ივნისის აქციებზე პოლიციის მიერ ძალის გამოყენების საკითხს სათანადოდ პასუხი არ გაეცა. ორგანიზაციას პოლიციის მიერ ცუდი მოპყრობის ერთ-ერთ მაგალითად ლუკა სირაძის თვითმკვლელობის მცდელობის შედეგად გარდაცვალების მაგალითიც მოჰყავს.

ეროვნული დემოკრატიული მმართველობის ქულა უცვლელად დარჩა 2.50-ზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველოს პოლიტიკური სისტემა „2019 წელს კვლავ კონტროლირებული იყო არაფორმალური მმართველობის მიერ“. ანგარიშში წლის მთავარ მოვლენად დასახელებულია 20-21 ივნისის პროტესტები, პოლიციის მიერ პროტესტის დაშლა და „121 პირის ადმინისტრაციული პატიმრობა, რომლებსაც არ მიეცათ სამართლიანი სასამართლოს უფლება“. Freedom House მიიჩნევს, რომ პოლიტიკური ოპოზიცია საქართველოში კვლავ „სუსტია და ვერ იზიდავს ოპოზიციური ამომრჩევლების უმეტესობას“. ორგანიზაციის თქმით, სალომე ზურაბიშვილის არჩევის შედეგად „პოლიტიკური ოპოზიციის უკანასკნელი სიმაგრე დაეცა“ და ეს აისახა პრეზიდენტის ადმინისტრაციის პოპულარობის მკვეთრი შემცირებაშიც.

საარჩევნო პროცესის ქულა შენარჩუნდა 3.25-ზე, თუმცა ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ „არჩევნები საქართველოში ხასიათდება ბევრი ნაკლოვანებით, მათ შორის არათანაბარი პირობებით, მმართველი პარტიის მიერ ადმინისტრაციული რესურსების გამოყენებით, არათანაბარი ფულადი შემოწირულოებებით და პოლარიზებული მედია ლანდშაფტით“. 2019 წელს, არჩევნებთან დაკავშირებით მთავარ პრობლემად დასახელებულია სრულად პროპორციული სისტემის რეფორმის ჩავარდნა.

სამოქალაქო საზოგადოების ქულა დარჩა 4.25-ზე. აღსანიშნავია რომ ეს საერთო ქულის ინდივიდუალური კრიტერიუმებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. ორგანიზაცია პოზიტიურად აფასებს საქართველოს სამოქალაქო სექტორს და ამბობს, რომ ქართულმა ორგანიზაციებმა განაგრძეს მთელი წლის მანძილზე აქტიურად მუშაობა. თუმცა ანგარიშში ნათქვამია, რომ „როგორც ქართული, ისე საერთაშორისო არასამთავრობო ორგანიზაციები გახდნენ საჯარო პირების მიერ კრიტიკის და სიტყვიერი თავდასხმების სამიზნე“. ანგარიში ხაზს უსვამს ქართული ოცნების ლიდერის, ბიძინა ივანიშვილის განცხადებას, რომ არასამთავრობო ორგანიზაციები ქართველებს ეზიზღებათ და რომ ამერიკული ორგანიზაციები როგორიცაა NDI და IRI ატარებენ მიკერძოებულ გამოკითხვებს, რადგანაც ეს ორგანიზაციები მხარს უჭერენ ოპოზიციას.

დამოუკიდებელი მედიის ქულაც 3.75-ზე შენარჩუნდა. ანგარიშში ქართული მედია ლანდშაფტი შეფასებულია როგორც „მრავალფეროვანი, თუმცა ასევე პოლარიზებული, მთავარ მედია გამოცემებში მიკერძოებული სარედაქტორო პოლიტიკით“. ანგარიშში აჭარის საზოგადოებრივ მაუწყებელში, რუსთავი 2-სა და ტვ პირველში განვითარებული მოვლენები მიჩნეულია როგორც ქვეყნის მედია გარემოს ძირითადი პრობლემები. Freedom House ციტირებს ქართული არასამთავრობო სექტორის მიერ გავრცელებულ განცხადებას აჭარის ტელევიზიიდან ნათია კაპანაძის გაშვების თაობაზე, რომ ეს  „წარმოადგენს ქვეყანაში მიმდინარე ნეგატიური ტენდენციის გაგრძელებას, რისი მიზანიცაა მედია გარემოს გაუარესება, რაც აძლიერებს ეჭვებს [მედიაში] შესაძლო ჩარევის საკითხზე“. ორგანიზაცია ასევე აღნიშნავს, რომ რუსთავი 2-ის მფლობელობის შეცვლა და ის მეთოდი, როგორც ეს განხორციელდა, ნაწილია იმ უფრო ფართო ტენდენციისა, რომ შეასუსტონ მთავრობის საწინააღმდეგო კრიტიკული ხმები. კიდევ ერთი მედიასთან დაკავშირებული საკითხი, რომელიც ნახსენებია ანგარიშში, ტვ პირველის მფლობელის მამის, ავთანდილ წერეთელის წინააღმდეგ წაყენებული ბრალია, რომელიც 11 წლის წინანდელ ფულის გათეთრების სკანდალს უკავშირდება. საერთაშორისო ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ ჟურნალისტების წინააღმდეგ სისტემატური ძალადობის არარსებობის მიუხედავად, „ბევრი დაშავდა პოლიციის და დემონსტრანტების დაპირისპირების დროს, 20 ივნისს“.

ადგილობრივი დემოკრატიული მმართველობის ქულა დარჩა 2.75-ზე. ანგარიშში ნათქვამია, რომ დეცენტრალიზაციის რეფორმების ბევრი წარმატებული თუ წარუმატებელი მომენტის მიუხედავად, „ქართული ოცნების მთავრობამ მოახდინა რიგი რეფორმების ინიცირება, რომლებმაც შემოიტანეს პოზიტიური ასპექტები ქვეყნის ცენტრალიზირებულ მმართველობაში“.

კორუფციის ქულა დარჩა 3.50-ზე. ორგანიზაცია აღნიშნავს, რომ საქართველო „რჩება წვრილი კორუფციის წინააღმდეგ ბრძოლის ჩემპიონად რეგიონში, თუმცა მაღალი დონის კორუფცია კვლავ სერიოზულ გამოწვევას წარმოადგენს“. Freedom House მიიჩნევს, რომ ქართულმა ოცნებამ „მისი წინამორბედის მსგავსად ვერ შეძლო სისტემურ კორუფციასთან შეჭიდება“.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button