ახალი ამბები

მმართველი გუნდი და ოპოზიცია Freedom House-ის ანგარიშს აფასებენ

Tags

Freedom House-ის მიერ 6 მაისს გამოქვეყნებულ ანგარიშს, რომლის მიხედვითაც, გასულ წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი გაუარესდა, მმართველ გუნდსა და ოპოზიციაში აფასებენ.

„სამოქალაქო საქართველო“ ამ შეფასებებს გთავაზობთ.

ანრი ოხანაშვილი – ქართული ოცნება: „უცნაურია, რომ Freedom House-ის ანგარიშში წარმოდგენილი გარკვეული ტენდენცია პირდაპირ წინააღმდეგობაში მოდის საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩოსა და ევროკავშირის ოფიციალურ განცხადებებთან, რომლებიც მათ სასამართლო სისტემაში ჩვენი გუნდის მიერ გატარებულ რეფორმებთან დაკავშირებით გააკეთეს. სწორედ აშშ-ის საელჩოსა და ევროკავშირის განცხადებით, ქართული ოცნების გუნდის მიერ განხორციელებული რეფორმები, კერძოდ სასამართლო სისტემის მეოთხე ტალღა, შეფასებულია მნიშვნელოვან წინ გადადგმულ ნაბიჯად სასამართლო სისტემის მეტი დამოუკიდებლობისთვის, მეტი განვითარებისთვის და კიდევ უფრო მეტი გამჭვირვალობისთვის“.

თინა ბოკუჩავა – ერთიანი ნაციონალური მოძრაობა: „გასაკვირი არ არის, რომ Freedom House-ის ანგარიშში გაუარესებულია საქართველოს ინდიკატორი. ამისთვის არსებობს კონკრეტული მიზეზები, რომელიც დასახელებულია ამ ანგარიშში. ერთი არის პოლიტიკური მიზნებისთვის მართლმსაჯულების სისტემის გამოყენება, რასაც ივანიშვილი გამუდმებით აკეთებს პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ და მეორე ის, რომ ივანიშვილმა არ მიიღო საკონსტიტუციო ცვლილებები, რომლითაც საქართველო სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადავიდოდა“.

დავით ბაქრაძე – ევროპული საქართველო: „განსაკუთრებით მნიშვნელოვანია ამ ანგარიშში ის ნაწილი, რომელიც ეხება პოლიტიკურ დევნას და სასამართლოს თემას. ძალიან მკაფიოდ არის შეფასებული, რომ სასამართლო მთლიანად არის დაქვემდებარებული ხელისუფლებას და სასამართლოს დაკომპლექტება ხდება სწორედ ამ პრინციპით. განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ დღეს Freedom House-ის ანგარიშში კონკრეტულად არის მოხსენებული გიგი უგულავა, მამუკა ხაზარაძე და ზოგადად ის კლიმატი, რომელსაც ქმნის პოლიტიკური ლიდერების წინააღმდეგ მიმდინარე  დევნა, დაქვემდებარებული სასამართლოს მეშვეობით”.

ეკა ბესელია – დამოუკიდებელი დეპუტატი: „ის, რომ ამ ანგარიშში ოპოზიციის ლიდერების წინააღმდეგ წარმართული პოლიტიკურად მგძნობიარე საქმეები მოხვდა, ის, რომ მოსამართლეების შერჩვის პროცესმა დატოვა ძალიან ნეგატიური შთაბეჭდილება საერთაშორისო სადამკვირვებლო ორგანიზაციებში, ეს ყველაფერი არის ამ ანგარიშის  რეალური ანატომია და ჩანს, პრობლემა, რომ დღეს სასამართლო არ არის დამოუკიდებელი და მასზე გავლენა აქვს დღეს მმართველ პარტიას“.

ანა ნაცვლიშვილი – ლელო საქართველოსთვის: „საქართველო არ იმართება კანონის საფუძველზე და ხელისუფლება, განსაკუთრებით სასამართლო ხელისუფლება, ამ ანგარიშის მიხედვით მიტაცებულია და დაქვემდებარებულია პოლიტიკურ ინტერესს. ანგარიშში ხაზგასმით არის ლელოს დამფუძნებლების საქმე, [ასევე] სხვა პოლიტიკურად აქტიური ადამიანების საქმეები. ხელისუფლება იყენებს მართლმსაჯულებას პოლიტიკური ოპონენტების დევნისთვის“.

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button