skip to content
ახალი ამბები

Freedom House: საქართველო „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნად რჩება

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის – „თავისუფლება მსოფლიოში“ – თანახმად, საქართველოს მაჩვენებელი ორი ქულით შემცირდა. 100 ქულიანი შკალით საქართველოს 61 ქულა აქვს (24 ქულა პოლიტიკურ უფლებებსა და 37 ქულა სამოქალაქო თავისუფლებებში), რაც შარშანდელ მაჩვენებელთან შედარებით (63 ქულა), მცირედი კლებაა. წინა წლების მსგავსად, საქართველო კვლავ „ნაწილობრივ თავისუფალ“ ქვეყნებს შორის რჩება.

„თავისუფლება მსოფლიოში“ მოქალაქეთა პოლიტიკური უფლებებისა და სამოქალაქო თავისუფლებების კუთხით 195 ქვეყანასა და 15 ტერიტორიაზე არსებულ სიტუაციას იკვლევს. პოლიტიკური უფლებებისა დასამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიებში მიღებული ქულების მიხედვით (1–დან 7–მდეშკალაზე), თითოეულ ქვეყანას ან ტერიტორიას „თავისუფალი“, „ნაწილობრივ თავისუფალი“ ან „არათავისუფალი“ ქვეყნის/ტერიტორიის სტატუსი ენიჭება. ხსენებულ შკალაზე 1 ყველაზე თავისუფალს, ხოლო 7 ყველაზე ნაკლებად თავისუფალს ნიშნავს.

2020 წლის ანგარიშში შეფასებული 210 ქვეყნიდან, 84 შეფასდა როგორც „თავისუფალი“, 67 როგორც „ნაწილობრივ თავისუფალი“ და 59 როგორც „არათავისუფალი“.

Freedom House-ის კვლევაში ოკუპირებული აფხაზეთი და ცხინვალის რეგიონი „ტერიტორიების“ კატეგორიაში გადიან. პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 17 ქულით და სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში 23 ქულით, აფხაზეთს „ნაწილობრივ თავისუფალი“ ტერიტორიის სტატუსი აქვს მინიჭებული. ცხინვალის რეგიონი კი – „არათავისუფალი“ ტერიტორიის კატეგორიაში გადის. მას პოლიტიკური უფლებების კატეგორიაში 2 ქულა, სამოქალაქო თავისუფლებების კატეგორიაში კი – 8 ქულა აქვს მინიჭებული.

„საქართველოში რეგულარული და კონკურენტული არჩევნები ტარდება და ქვეყნის დემოკრატიული განვითარების ტრაექტორიამ გაუმჯობესების ნიშნები 2012-2013 წლებში, ხელისუფლების ცვლილების პერიოდში აჩვენა, თუმცა უკანასკნელ წლებში პროგრესი შეჩერდა. ოლიგარქიულ აქტორებს ჭარბი გავლენა აქვთ [ამა თუ იმ სფეროში ] პოლიტიკის ფორმირებასა და პოლიტიკურ გადაწყვეტილებებზე, ხოლო კანონის უზენაესობა პოლიტიკური ინტერესებით იზღუდება“, – აღნიშნულია გასული წლის ანგარიშში. ქვეყანაში განვითარებული მოვლენების წლევანდელი აღწერა ჯერჯერობით მიუწვდომელია.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button