skip to content
ახალი ამბები

საქართველო Freedom House-ის ყოველწლიურ ანგარიშში

Freedom House-ის ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, გასულ წელს საქართველოს დემოკრატიულობის მაჩვენებელი გაუარესდა.

გარდამავალ ეტაპზე მყოფი სახელმწიფოები – 2020 ყოველწლიური კვლევის ნაწილია, რომელიც ევროპის და ევრაზიის 29 ქვეყანაში დემოკრატიული მმართველობის კუთხით არსებულ ვითარებას აფასებს და 2019 წლის იანვრიდან-დეკემბრამდე პერიოდს მოიცავს.

ანგარიშის თანახმად, საქართველოს დემოკრატიულობის საერთო ქულა 3.25-ია, რაც წინა წლის მაჩვენებელზე (3.29) უფრო დაბალია. ქულები 1-დან 7-მდე შკალაზეა წარმოდგენილი, სადაც 1 დემოკრატიული განვითარების ყველაზე დაბალი მაჩვენებელია, ხოლო 7 – ყველაზე მაღალი.

დემოკრატიულობის საერთო ქულა ცალკეული კატეგორიების მიხედვით, ქულების საშუალო მაჩვენებლით გამოიანგარიშება. კატეგორიები მოიცავს: ეროვნულ მმართველობას, საარჩევნო პროცესს, სამოქალაქო საზოგადოებას, დამოუკიდებელ მედიას, ადგილობრივ მმართველობას, სასამართლო სისტემასა და კორუფციას.

წყარო: Freedom House

ანგარიშში ნათქვამია, რომ მაჩვენებლების ყველაზე დიდი გაუარესება სასამართლო სისტემის კატეგორიაში აღინიშნება, რამაც ექვსი სახელმწიფო, მათ შორის საქართველო მოიცვა.

კერძოდ, სასამართლო სისტემისა და დამოუკიდებლობის რეიტინგი საქართველოში 3.00-დან 2.75-მდე შემცირდა, რაც „უზენაესი სასამართლოს ახალი მოსამართლეების დანიშვნის სადავო პროცესმა და პოლიციის მიერ 2019 წლის ივნისის საპროტესტო აქციების დაშლისას, არაპროპორციული ძალის გამოყენებამ“ განაპირობა.

„მართალია სასამართლო სისტემა დიდი ხანია იწვევს დაძაბულობას საქართველოს პოლარიზებულ პოლიტიკაში, 2019 წელს და 2020 წლის დასაწყისში თვითნებურმა დაპატიმრებებმა და რამდენიმე სადავო სასამართლო საქმემ ისედაც დაძაბული ვითარება კიდევ უფრო გააუარესა“, – ნათქვამია დოკუმენტში.

ანგარიშში ასევე საუბარია ბიზნესმენ მამუკა ხაზარაძის საქმეზე, რომელსაც ფულის ბრალი გათეთრებისთვის წარუდგინეს, ასევე გიგი უგულავას დაკავებაზე, რომელსაც „საბიუჯეტო თანხების სავარაუდო მითვისების საქმეზე“ 38-თვიანი პატიმრობა შეუფარდეს.

დოკუმენტში ასევე ნათქვამია, რომ, ვინაიდან, ამგვარი ინციდენტები მხოლოდ სასამართლოს ქვედა ინსტანციებით ვერ შემოიფარგლებოდა, პარლამენტში მმართველმა უმრავლესობამ უზენაეს სასამართლოში „უაღრესად უფუნქციო და არაპროფესიონალური პროცესის შედეგად“ უვადოდ 14 ახალი მოსამართლე დაამტკიცა.

ანგარიშში ასევე საუბარია ოპოზიციური პარტიების საპარლამენტო ბოიკოტზე და ნათქვამია, რომ „ქართული ოპოზიციური პარტიების ყველა დეპუტატმა პარლამენტი მას შემდეგ დატოვა, რაც მთავრობამ სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლის თაობაზე მიცემული დაპირება არ შეასრულა“.

„მისი შემოღების შემთხვევაში, საპარლამენტო არჩევნებში ეს სისტემა მმართველი პარტიის – ქართული ოცნების გამარჯვების შანსებს შეამცირებდა. კრიზისი მხოლოდ მას შემდეგ განიმუხტა, რაც მხარეებმა საერთაშორისო შუამდგომლობით შეთანხმებას მიაღწიეს“, – ნათქვამია ანგარიშში.

საქართველოს შესახებ სრულ ანგარიშს Freedom House მაშინვე გამოაქვეყნებს, როგორც კი ის ხელმისაწვდომი იქნება.

ასევე წაიკითხეთ:

This post is also available in: English (ინგლისური) Русский (რუსული)

მსგავსი/Related

Back to top button