რესპუბლიკის ამბები

ბავარიელები საქართველოში ჩამოსახლების სურვილით მთავრობას მიმართავენ

გაზ. ერთობა, 1920 წლის 25 აგვისტო, N192

იმიგრაცია საქართველოში

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატაში მიუნჰენის ემიგრანტთა კავშირის შუამდგომლობა არის მოსული. შუამდგომლობა, რომელსაც ხელს აწერს კავშირის გამგეობის თავმჯდომარე ლ. მეიერი, გამგეობის წევრები გარდე და შტეიბერი, აღნიშნავს, რომ მიუნხენში შესდგა ისეთ პირთა კავშირი, რომელთაც სურთ საქართველოში გადმოსახლება და გერმანელთა დიდი ახალშენის დაარსება.

კავშირის გამგეობამ დაადგინა: სთხოვოს საქართველოს მთავრობას სავაჭრო-სამრეწველო პალატის საშუალებით, მისცეს მათ უფლება გადმოსახლებისა. გერმანიის ცხოვრების განვითარება ისეთ სახეს იღებს, რომ მცხოვრებთა ნაწილი იძულებული ხდება გერმანიიდან გადმოსახლდეს.

გადმოსახლებულთა მიზანი იქნება შექმნა საქართველოში დიდი ახალშენისა, სადაც სამეურნეო საქმე მაღალ დონეზე იქნება დაყენებული. ვინაიდან ტეხნიკებიც სახლდება, შესაძლებელი იქნება მათი საქართველოს საჭიროებისათვის გამოყენებაც. კავშირი სთხოვს პალატას – აცნობოს მას, შეუძლია, თუ არა კავშირს ჰქონდეს იმედი ახალ სამშობლოში, საქართველოში გადასახლებისა, მიეცემათ, თუ არა მათ სესხი საქართველოს მთავრობისაგან და შეუძლიათ თუ არა გადმოსახლებულთ მიიღონ საქართველოში მიწა.

შუამდგომლობაში აღნიშნულია სხვათა შორის გადმოსახლებულთა სპეციალობაც. არიან ქვის მთლელნი, მექანიკები, მეურნეები, მებაღეები და თავისუფალი პროფესიის პირები (დეპეშათა სააგენტო).

მსგავსი/Related

Back to top button